2021 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდა ახალი კანონი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ რომელმაც ჩაანაცვლა ძველი კანონი ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’
ახალი კანონით შეიცვალა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მთავარი პრინციპი რაც მდგომარეობს კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილებას რეაბილიტაციის მიღწევის გზით, ხოლო რეაბილიტაციის შეუძლებლობის შემთხვევაში გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციიდან მიღებული თანხების განაწილების გზით.
მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებიც დადგენილებაშია გათვალისწინებული:
- ახალი კანონით რეაბილიტაციის/გაკოტრების მმართველი რეაბილიტაციის და რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი შეიძლება იყოს მხოლოდ გადახდისუუნაორბის პრაქტიკოსი. აღნიშნული პროფესია სიახლეა ქართულ კანონმდებლობაში. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის შეირჩევა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, საქმეთა შემთხვევითი განაწილების პრინციპის დაცვით მოხდება.
- კანონი აგრეთვე ახლებურად აწესრიგებს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარდგენის, მისი განხილვის, რეაბილიტაციისა თუ გაკოტრების რეჟიმის დაწყების, საქმის წარმოების ელექტრონული სისტემის ორგანიზებისა და სხვა საკითხებს.
- ვინაიდან ახალი კანონის ერთ ერთი მიზანია მოვალე კომპანიის გაკოტრების თავიდან აცილება, რეაბილიტაციის რეჟიმს ცალსახა და უპირობო პრიორიტეტი ენიჭება. კანონში გათვალისწინებულია რეაბილიტაციის წამახალისებელი არაერთი მექანიზმი როგორიცაა გაკოტრების რეჟიმის რეაბილიტაციაში კონვერსიის შესაძლებლობა, ასევე რეგულირებული შეთანხმების მექანიზმი, რაც სრულიად ახალია ქართული სამართლისთვის; აღნიშნული მექანიზმი საშუალებას აძლევს მხარეებს, სასამართლოს ჩარევის გარეშე მიაღწიონ შეთანხმებას. აღნიშნული ითვალისწინებს გადახდისუუნარობის წინაშე მყოფ მოვალესა და კრედიტორებს შორის შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ თითოეული კრედიტორი მიიღებს მინიმუმ იმდენს, რასაც ის მოვალის გაკოტრებისას მიიღებდა. ამ პროცესის მიზანია მოვალის, როგორც მოქმედი საწარმოს, შენარჩუნება. რეგულირებული შეთანხმების დადების მიზნით წარმართულ მოლაპარაკებებზე ვრცელდება მორატორიუმი. ამ პერიოდში მოვალის მიმართ ინდივიდუალური აღსრულების პროცესი შეჩერებულია.
- სასამართლოში მოვალის მიმართ რეაბილიტაციის რეჟიმის დაწყების მოთხოვნით შეტანილ განცხადებას უპირატესობა ენიჭება გაკოტრების რეჟიმის დაწყების მოთხოვნით შეტანილ განცხადებასთან შედარებით მაშინაც კი, თუ გაკოტრების რეჟიმის დაწყების შესახებ განცხადება უფრო ადრე იქნა შეტანილი. სასამართლო უპირველესად იხილავს განცხადებას მოვალის მიმართ რეაბილიტაციის რეჟიმის დაწყების შესახებ;
- მაშინაც კი, თუ დაკმაყოფილდება კრედიტორის განცხადება რეაბილიტაციის შესახებ, სასამართლოს შეუძლია, დატოვოს მართვაში მოვალე, თუკი ის დაასაბუთებს, რომ სამეწარმეო საქმიანობას უძღვებოდა კეთილსინდისიერად. მოვალის მართვაში დატოვებისას სასამართლო მოვალეს უნიშნავს რეაბილიტაციის ზედამხედველს.
- ახალი კანონი აწესებს მრავალ ინსტრუმენტს მოვალის ქონების მაქსიმალურად მაღალი ღირებულებით რეალიზაციისათვის; მხოლოდ სტანდარტული აუქციონის ჩატარების ნაცვლად, როგორც წინა კანონით იყო განსაზღვრული, წესდება რეალიზაციის ფორმების სიმრავლე, რომლის მიხედვითაც არჩევანს განაპირობებს მმართველის ვალდებულება, შეარჩიოს ყველაზე ეფექტიანი ფორმა რეალიზაციისათვის.
ახალი კანონი ძალაში შევიდა 2021 წლის 1 აპრილიდან.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე.