საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა დადგენილება, რომლითაც განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება მიიღონ ქვეყანაში მოქმედმა უცხოურმა კომპანიებმა “საერთაშორისო კომპანიის” სტატუსი და ამ სტატუსის თანმდევი საგადასახადო შეღავათები.
ამ სტატუსის მქონე საწარმოებისთვის მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები 15%-ისა და 20%-ის ნაცვლად იქნება 5%.
ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, შეღავათებით ისარგებლებენ IT და საზღვაო სფეროში ჩართული საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც საკუთარ სერვისს უცხოეთში ყიდიან.
“IT სფეროს რაც შეეხება, დაწყებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემით, ნებისმიერი ციფრული პროდუქტის დამზადება და მთელი რიგი ჩამონათვალია. რაც შეეხება საზღვაო სერვისებს, აქაც დიდი სიაა, მათ შორის გემის გაქირავება ეკიპაჟიანად, ან უეკიპაჟოდ, რეისის დაგეგმვა და ანალიზი, გემის ფიზიკურ მდგომარეობაზე ზედამხედველობა, საკვების პროდუქტებით ან ტექნიკური დეტალებით მომარაგება და ა.შ. ეს არის საქმიანობები, რომელიც საქართველოს მთავრობამ ამ დადგენილებით დასაშვებად ცნობს“,- აცხადებს ფინანსთა მინისტრი.
საქართველოს მთავრობა ამ საგადასახადო ცვლილებების მიღებაზე ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა და ის თავდაპირველად ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დააანონსა.