საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 10 მაისს გამართულ სხდომაზე ახალი ტყითსარგებლობის წესი მიიღო. აღნიშნული კანონქვემდებარე აქტი სრულ შესაბამისობაშია 2020 წლის მაისში საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ახალი „ტყის კოდექსით” დადგენილ ტყის მდგრადი მართვის პრინციპებთან.
ახალი „ტყითსარგებლობის წესი“ ადგენს ტყით მდგრადი მართვისა და სარგებლობის სამართლებრივ მექანიზმებს, რაც უზრუნველყოფს ტყეების რესურსებით მდგრად სარგებლობას ტყის ეკოლოგიური ღირებულებებისა და მახასიათებლების გაუმჯობესების, დაცვისა და შენარჩუნების პირობებში.
მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებიც დადგენილებაშია გათვალისწინებული:
– ახალი წესის თანახმად, საშეშე და სამასალე მერქანის დამზადებას მხოლოდ ტყის მართვის ორგანოები უზრუნველყოფენ, შესაბამისი წესით დაახარისხებენ და განათავსებენ დასაწყობების ადგილებზე (ე.წ. საქმიან ეზოებში), რომლებიც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში იფუნქციონირებს.
– რესურსის მოპოვების უფლების მქონე პირი ვალდებულია წლის ბოლოს წარადგინოს ანგარიში მოპოვებული რესურსის შესახებ და გადაიხადოს ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებლების შესახებ კანონით განსაზღვრული მოსაკრებელი.
– ტყის რესურსების რეალიზაცია მოხდება როგორც აუქციონის წესით (ძირითადად, მაღალი ხარისხის სამასალე მერქანი), ისე პირდაპირი მიყიდვის გზით (შეშა და ხე-ტყის ნარჩენი).
– განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ წესით ასევე დადგინდა ახალი სპეციალური ტყითსარგებლობის სახეები – ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება, ეს უკანასკნელი აქტიურად გამოიყენება ალტერნატიული და ეკოლოგიური ენერგიის წყაროების საწარმოებლად (ბრიკეტები, პელეტები) და მნიშვნელოვანი რგოლია ტყეზე ზეწოლის შემცირებისთვის. კომერციული მიზნით ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობის უფლება გაიცემა იურიდიულ პირებზე, რომლებიც წარადგენენ განცხადებას და სათანადო დოკუმენტაციას ტყის მართვის ორგანოში. ასეთი რესურსებით კომერციული მიზნებისთვის სარგებლობა ახალი წესის მიღებამდე აკრძალული იყო.
– მოსახლეობისთვის არამერქნული ტყის პროდუქტებით, როგორიცაა, ასკილი, მაყვალი, ჟოლო და სხვა, სარგებლობა არ იკრძალება.
– ახალმა კანონმა და ერთობლივად ბაზარზე არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, შესაძლებელი გახადა საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლობა.
ცვლილებები ძალაში შედის 2021 წლის 18 მაისიდან.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე