fbpx
Startseite » news_ge » საქართველოს პარლამენტმა ,,მომხმარებლის უფლებების დაცვის’’ შესახებ კანონი მიიღო

საქართველოს პარლამენტმა ,,მომხმარებლის უფლებების დაცვის’’ შესახებ კანონი მიიღო

by Salome Mumladze

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება, ჯერ კიდევ 2022 წლის 11 მარტს გატყობინებდათ, რომ საქართველოს პარლამენტი მუშაობდა ,,მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ ‘’ კანონპროექტზე.

2022 წლის 29 მარტს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ,,მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ ‘’ კანონი.

კანონის მიღება გამოწვეული იყო იმ ფაქტით, რომ საქართველოში არ არსებობდა ერთიანი საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც მომხმარებლის უფლებების დაცვას და აღსრულების მექანიზმის ფუნქციონირების წესს დაარეგულირებდა. მომხმარებლის უფლებებისა და მოვაჭრის ვალდებულებების შესახებ ნორმები მიმოფანტული იყო სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში. ახალი კანონი კი ქმნის ერთიან საკანონმდებლო ჩარჩოს და აწესებს ზოგად პრინციპებს მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში.  კანონის მიღება ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ვალდებულების ნაწილია.

კანონის მიღების მიზანია მომხმარებლისთვის საფუძვლის შექმნა, რომ მას პროდუქტის თაობაზე მაქსიმალურად ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს. ასევე კანონის მიზანია  უფლებების დარღვევის პრევენცია და დარღვეული უფლებების აღდგენის სამართლებრივი მექანიზმის შექმნა.   კანონი არეგულირებს/განსაზღვრავს:

  • მომხმარებელსა და მოვაჭრეს შორის სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებს,
  • ფიზიკური პირის უფლებების დაცვის ზოგად პრინციპებს, რომელიც სახელშეკრულებო ურთიერთობაში შედის,
  • მომხმარებლის უფლებების დაცვას უსამართლო სტანდარტული პირობებისა და უსამართლო კომერციული პრაქტიკისგან,
  • განსაზღვრავს პროდუქტის შეძენისა და მომსახურების მიღებისას მომხმარებლისთვის სავალდებულო ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას,
  • არეგულირებს სარეწს (განისაზღვება როგორც სავაჭრო დაწესებულება) გარეთ დადებული და დისტანციური ხელშეკრულების პირობებს და განსაზღვრავს ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს.
  • მომხმარებელს აძლევს უფლებას სარეწს გარეთ დადებულ და დისტანციურ ხელშეკრულებებზე უპირობოდ თქვას უარი 14 დღის განმავლობაში.

კანონი  განსაზღვრავს მომხმარებლის უფლებებსა და ვალდებულებებს, კონკრეტულად, ინფორმირებასთან, საქონლის მიწოდებასთან, შემთხვევით დაღუპვას, გაფუჭებასა და დამატებით ხარჯებთან დაკავშირებულ უფლებებსა და მოვალეობებს. კერძოდ, კანონის მიხედვით  განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მომხმარებლისთვის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. კანონის მიხედვით მომხმარებელს უფლება აქვს მიიღოს, ხოლო მოვაჭრე ვალდებულია გასცეს ინფორმაცია პროდუქტის დასახელების, მოვაჭრის ვინაობის, პრეტენზიის განხილვის პირობების, პროდუქტის დამზადების თარიღის, ვარგისიანობის, პროდუქტის სრული ფასის, გადახდის, მიწოდებისა და საგარანტიო პირობების, პროდუქტის გამოყენების წესების, ხელშეკრულების ვადის. ხოლო ინფორმაციის გაცემის მთავარი პრინციპია, რომ იგი იყოს მკაფიო და გასაგები.

მომხმარებელს უფლება აქვს, კანონის დარღვევის შესახებ მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო). სააგენტო მოახდენს მომხმარებლის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობასა და რეაგირებას დარღვეული უფლებების აღსადგენად. სააგენტო საჩივრის მიღებიდან 10 დღის ვადაში განსაზღვრავს მის დასაშვებადობას, 1 თვის ვადაში განიხილავს საჩივარს და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მოვაჭრეს გააფრთხილებს, მისცემს ვადას მისი აღმოფხვრისთვის, ხოლო მითითებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაეკისრება სანქცია – წინა წლის ბრუნვის 2%–მდე ოდენობით.

კანონი ძალაში 2022 წლის 1 ივნისიდან შევა, ხოლო მომხარებელთა საჩივრების განხილვა სააგენტოში 1 ნოემბრიდან დაიწყება.

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X