გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრმა კომპანიამ დიომ, საქართველოს სამშენებლო სექტორში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა და კვალიფიციური კადრების მომზადება პრიორიტეტად დაისახა. ამ მიზნით, დიომ, ენერგოეფექტურობის ცენტრსა და კოლეჯ „ბლექსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნა ახალი პროფესიული პროგრამა „თანამედროვე კარ-ფანჯრებისა და გამჭვირვალე ზედაპირების დამზადება-მონტაჟი“, რომელიც შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და ეკოლოგიურ გამოწვევებს პასუხობს. პროექტი მიზნად ისახავს განათლებისა და წარმოების სექტორების დაახლოებას, რაც სტუდენტების უნარების გაძლიერებასა და ენერგოეფექტური მშენებლობის პრაქტიკის დანერგვას მოიცავს.
მემორანდუმი გაფორმდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „მდგრადი და მწვანე ბიზნეს პრაქტიკების განვითარება საქართველოში“ ფარგლებში. მისი იმპლემენტაცია ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს, World Vision საქართველოსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ ხორციელდება.
დიო ამ ნაბიჯით განათლებასა და წარმოებას შორის მჭიდრო კავშირის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რაც ქვეყნის მდგრადი განვითარების საფუძველია.
