საქართველო, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრი, ვალდებულია, მიმდინარე წლის 31 დეკემბრიდან მიუერთდეს მე-4 ენერგეტიკულ პაკეტს და მოახდინოს მისი იმპლემენტაცია ეროვნულ კანონმდებლობაში, აღნიშნავს ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორი, ნუგზარ ბერიძე. ეს საქართველოში დანერგილი ნეტო-აღრიცხვის გაუმჯობესებისა და განვითარების შესაძლებლობას იძლევა, აცხადებს ის.
მე-4 პაკეტმა შემოიტანა ცნება „self-consumption”, ანუ თვითმოხმარება, მიუთითებს ბერიძე. თვითმომხმარებელი მის მფლობელობაში არსებულ შენობა-ნაგებობაში აწარმოებს განახლებად ელექტროენერგიას საკუთარი მოხმარებისთვის და შეუძლია ის შეინახოს ან გაყიდოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს წარმოადგენს მის ძირითად კომერციულ ან პროფესიულ საქმიანობას, განმარტავს ცენტრის დირექტორი და აღნიშნავს, რომ ქსელში გაცემული ელექტროენერგიის ვირტუალური დაგროვება და გაქვითვა არ ხდება.
ბერიძის ინფორმაციითვე, განახლებად ენერგიაზე მომხმარებლის თავისუფალი და არადისკრიმინაციული დაშვების ერთ-ერთი ინსტრუმენტია აგრეთვე ე.წ. „წარმოშობის სერტიფიკატები“ (CO). ამ ინსტრუმენტის ფარგლებში მომხმარებელი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მიმწოდებელს ინფორმაციის გამჟღავნება, მიწოდებულ ენერგიაში რა წილი აქვს განახლებად წყაროებს.
შესაბამისი რეესტრის წარმოება და სერტიფიკატების გაცემა დაევალა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას. ამჟამად რეგისტრირებულია 39 ელექტროსადგური და 1 მიმწოდებელი და გაცემულია 100,000-ზე მეტი სერტიფიკატი.