Startseite » news_ge » გრანთ თორნთონ საქართველო აგრძელებს მმართველი გუნდის გაძლიერებას

გრანთ თორნთონ საქართველო აგრძელებს მმართველი გუნდის გაძლიერებას

by DWV Admin

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრი, გრანთ თორნთონ საქართველო, პროფესიონალურ სერვისებზე ბაზარზე მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ და კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის სერვისების უწყვეტად უზრუნველყოფის მიზნით, აგრძელებს მმართველი გუნდის გაძლიერებას. აღნიშნული სტრატეგიული განვითარების ფარგლებში, თამთა ნუცუბიძე გრანთ თორნთონ საქართველოს პარტნიორი გახდა. ამ ეტაპამდე კომპანიის პარტნიორები იყვნენ ვახტანგ ცაბაძე და პაატა შურღაია.

თამთა ნუცუბიძე წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა გრანთ თორნთონის როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო საქმიანობის განვითარებაში. იგი ჩართული იყო მსხვილი და კომპლექსური აუდიტორული პროექტების მართვაში, საერთაშორისო კლიენტებთან თანამშრომლობასა და პროფესიული სტანდარტების გაძლიერების პროცესებში. მისი პარტნიორად დანიშვნა წარმოადგენს კომპანიის ზრდისა და განვითარების ლოგიკურ გაგრძელებას.

პარტნიორის როლში თამთა ნუცუბიძე გააგრძელებს აუდიტის მიმართულების გაძლიერებას, ხარისხის კულტურის განმტკიცებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მუშაობას. იგი ასევე აქტიურად იქნება ჩართული ფირმის სტრატეგიულ მართვაში და გრძელვადიანი განვითარების მიმართულებების ჩამოყალიბებაში.

„გრანთ თორნთონი საქართველოში ბოლო წლებში დინამიურად ვითარდება, იზრდება როგორც პროექტების მასშტაბი, ისე კლიენტების მოლოდინები. პარტნიორობის გაფართოება საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო გავაძლიეროთ მმართველი გუნდი და მაღალი ხარისხის, ღირებულებაზე ორიენტირებული სერვისები შევთავაზოთ ჩვენს კლიენტებს,“ — აღნიშნავს ვახტანგ ცაბაძე,
გრანთ თორნთონ საქართველოს მმართველი პარტნიორი.

პაატა შურღაია, გრანთ თორნთონ საქართველოს მმართველი პარტნიორი, აცხადებს: „თამთა ნუცუბიძის პარტნიორად დანიშვნა არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი გუნდისთვის. მისი გამოცდილება, ლიდერული ხედვა და ღირებულებებზე დაფუძნებული მიდგომა სრულ თანხვედრაშია გრანთ თორნთონის სტრატეგიასთან და ზრდის ჩვენს შესაძლებლობებს, შევქმნათ დამატებითი ღირებულება კლიენტებისთვის.“

კომპანიის მმართველი გუნდის გაფართოება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გრანთ თორნთონ საქართველოს სტრატეგიულ მიზანს — უზრუნველყოს მდგრადი ზრდა, გააძლიეროს პროფესიული სტანდარტები და დარჩეს სანდო პარტნიორად ბიზნესისთვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

You may also like

X
Skip to content