გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრმა კომპანიამ OHM Energy Georgia -მ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ენერგეტიკის გამოფენაში, რომელიც 2025 წლის 6-7 ნოემბერს ექსპოჯორჯიას საგამოფენო ცენტრში გაიმართა.
ენერგეტიკის გამოფენა წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პლატფორმას საქართველოში, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს ენერგეტიკული სექტორის წამყვან კომპანიებს, ინვესტორებსა და პროფესიონალებს, რათა გაიზიარონ გამოცდილება, წარმოადგინონ თანამედროვე ტექნოლოგიები და გააცნონ საზოგადოებას ენერგეტიკის სფეროში არსებული სიახლეები.
OHM Energy Georgia ბაზარზე ცნობილია როგორც ინოვაციური ენერგეტიკული გადაწყვეტილებების მომწოდებელი, რომელიც ორიენტირებულია სუფთა და განახლებადი ენერგიის განვითარებაზე. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს როგორც თანამედროვე მზის ენერგეტიკულ სისტემებს, ასევე ინტეგრირებულ საინჟინრო მომსახურებას, რაც ხელს უწყობს ენერგოეფექტურობის ზრდასა და გარემოზე ზემოქმედების შემცირებას.
გამოფენის გენერალური სპონსორი იყო გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრი პროკრედიტ ბანკი, რომელიც საქართველოში ცნობილია როგორც პასუხისმგებლიანი ფინანსური ინსტიტუტი. ბანკი აქტიურად ხელს უწყობს მწვანე და ინოვაციური პროექტების დაფინანსებას, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გარემოს დაცვასა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.
გამოფენის ორგანიზატორები იყვნენ ExpoGeorgia და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია (GREDA). ღონისძიების მიზანი იყო ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის ხელშეწყობა, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და განახლებადი ენერგიის მიმართულებით ინვესტიციების წახალისება.
