Startseite » news_ge » DWV ბიზნეს ფორუმი

DWV ბიზნეს ფორუმი

ახალი იმპულსები გერმანულ-ქართული თანამშრომლობისა და საქართველოს ეკონომიკური მომავლისთვის

by DWV Admin

2026 წლის 7 ოქტომბერს, სასტუმრო Biltmore Tbilisi-ში, DWV ბიზნეს ფორუმი გაიმართა. გერმანიის ეკონომიკურმა გაერთიანებამ (DWV) წევრი კომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლა ინფორმაციულ და დისკუსიებით დატვირთულ შეხვედრაზე, რომლის ფარგლებშიც განხილული იყო გერმანულ-ქართული ურთიერთობების აქტუალური საკითხები და საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები.

ფორუმი გახსნა DWV-ის საბჭოს თავმჯდომარემ, Sascha Ternes-მა. ამის შემდეგ მონაწილეებს მიესალმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალი ელჩი, ქალბატონი ბარბარა ფოსი. პროგრამის ნაწილის – „სიახლეები საელჩოდან“ – ფარგლებში, მან გაერთიანების წევრებს პირადად გააცნო თავი და ისაუბრა მიმდინარე საკითხებზე, საკუთარ პირველ შთაბეჭდილებებსა და გერმანულ-ქართული თანამშრომლობის შემდგომი განვითარების ხედვებზე.

ფორუმის მეორე ნაწილი საქართველოს ეკონომიკურ მომავალს დაეთმო. ეკონომისტმა და სტრატეგიულმა კონსულტანტმა Levan Nadibaidze-მ წარადგინა კვლევა, რომელიც DWV-სთან თანამშრომლობით მზადდება –  „ჩვენი პოზიცია და კონკრეტული წინადადებები საქართველოს ეკონომიკური მომავლის შესახებ“. პრეზენტაციის ფარგლებში მან მიმოიხილა ძირითადი ეკონომიკური გამოწვევები, განვითარების შესაძლებლობები და კონკრეტული მიდგომები უფრო პროდუქტიული, ექსპორტზე ორიენტირებული და დივერსიფიცირებული ეკონომიკური მოდელის ჩამოსაყალიბებლად. პრეზენტაციის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო ყოველწლიურად დაახლოებით 5 მილიარდი აშშ დოლარის დამატებითი ინვესტიციების საჭიროება, რაც ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მდგრად გაძლიერებას.

პრეზენტაციების დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები, უფრო დეტალურად განეხილათ ცალკეული საკითხები და აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში. ფორუმი დასრულდა ღია აზრთა გაცვლითა და ნეთვორქინგით, რომლის ფარგლებშიც წევრ კომპანიებს, მომხსენებლებსა და სხვა სტუმრებს შორის საუბარი არაფორმალურ გარემოში გაგრძელდა.

ბიზნეს ფორუმი გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების ფორმატია, რომელიც წლის განმავლობაში რამდენჯერმე იმართება და წევრებს აქტუალურ ეკონომიკურ საკითხებზე პირდაპირი დიალოგის პლატფორმას სთავაზობს. მისი მიზანია მნიშვნელოვანი ტენდენციებისა და მოვლენების დროული განხილვა, ბიზნესისთვის ახალი იმპულსების შექმნა და გერმანულ და ქართულ ბიზნესსაზოგადოებებს შორის დიალოგის შემდგომი გაძლიერება.

მიმდინარე წელს კიდევ ერთი DWV ბიზნეს ფორუმის ჩატარება უკვე დაგეგმილია. ღონისძიების თარიღის, თემებისა და პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.

DWV გულწრფელ მადლობას უხდის ყველა მომხსენებელს, სტუმარსა და წევრს მონაწილეობისთვის, ასევე ღია და კონსტრუქციული დისკუსიისთვის.

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) საქართველოში 2007 წელს დაარსდა და წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას კომპანიებისა და პარტნიორებისთვის, რომლებიც გერმანიასა და საქართველოს შორის ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებში არიან ჩართულნი. გაერთიანება სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ორ ქვეყანას შორის გამოცდილების გაცვლის, ბიზნესკავშირების დამყარებისა და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის.

DWV-ის მიზანია გერმანიასა და საქართველოს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობა და საქართველოში გერმანული ბიზნესის ინტერესების წარმოდგენა.

ღონისძიების მხარდამჭერები

You may also like

X
Skip to content