ა. წ. 26-28 სექტემბერს, LEG Thüringen-ის ინიცირებით, გერმანიის ეკონომიკურმა გაერთიანებამ (DWV), Commit Project Partners GmbH-თან ერთად, უმასპინძლა ბიზნეს დელეგაციას გერმანიიდან, კერძოდ ტურინგიიდან. დელეგაცია საქართველოში ბიზნესის წარმოების მიზნით იმყოფებოდა. გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთ კომიტეტთან თანამშრომლობიდან გამომდინარე, დელეგაცია არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ტურინგიის მონაწილეებით, არამედ მასში წარმოდგენილი იყო კომპანიები მთელი გერმანიიდან.
ეკონომიკური ბრიფინგის ფარგლებში, დელეგაციის მონაწილეებმა მიიღეს დამატებითი ინფორმაციები საქართველოში საინვესტიციო პროექტებზე და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ქ-ნი ბირგიტ ჰოდლერიედ-კრესისგან, სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის (KfW) ხელმძღვანელისგან, და ქ-ნი სარა ცილონკასგან, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური და პრესის დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან.
დელეგაციის ფარგლებში, გაიმართა არა ერთი ღონისძიება და შეხვედრა როგორც ადგილობრივი კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე სამთავრობო ინსტიტუტებთან. დელეგატებს საშუალება მიეცათ, სტუმრად წვეოდნენ სხვადასხვა კომპანიას. თბილისში, დელეგაციამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და იუსტიციის სახლი მოინახულა.
დელეგაციის პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო შეხვედრები ქართულ კომპანიებთან B2B ფორმატში. აღნიშნულ შეხვედრებზე გერმანულ და ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცათ, უშუალოდ განეხილათ ერთმანეთთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.