180 მილიონი ევრო პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის გამოიყო, ხოლო 130 მილიონი რეგიონალური პროექტებისთვის არის განსაზღვრული.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, გერმანია საქართველოს 310 მილიონი ევროთი ეხმარება. თანხა პანდემიის დამარცხებასა და რეგიონალურ პროექტებს მოხმარდება.
ამ თანხიდან 180 მილიონი ევრო პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის გამოიყო, ხოლო 130 მილიონი რეგიონალური პროექტებისთვის არის განსაზღვრული.
“ერთ სულ მოსახლეზე გათვლით საქართველო ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, რომელსაც გერმანია აქტიურად ეხმარება, რაც მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობების დასტურია” – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ბატონმა ივანე მაჭავარიანმა ხელმოწერის შემდეგ. გარდა მინისტრისა, დოკუმენტს ხელი მოაწერა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ბატონმა ჰუბერტ ქნირშმა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, თანხა ურბანული განვითარებას, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, ენერგოეფექტურობას და გარემოს დაცვის ღონისძიებებს მოხმარდება.
რეგიონალური პროექტი მიმართული იქნება იმისკენ, რომ განვითარდეს ტურიზმი და ამავე დროს, დაცული იყოს ქვეყნის ბუნება. ჩვენ მადლობელი ვართ საქართველოს მთავრობის იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც ამ წლების განმავლობაში ვითარდება ორ ქვეყანას შორის. მიხარია, რომ უკვე მომავალი წლიდან დავინახავ, როგორ განხორციელდება აღნიშნული პროექტები“, – განაცხადა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა.
დღემდე საქართველომ, ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიისგან სხვადასხვა ფორმით 1 მილიარდი ევროს დახმარება მიიღო.