ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს სატრანსპორტო და დასაწყობების სექტორი სტაბილური ზრდით გამოირჩევა. მხოლოდ გასულ წელს, სექტორი 9%-ით გაიზარდა და მისმა წილმა ქვეყნის მშპ-ში 5,9%-ს მიაღწია.
ზრდის ტენდენცია განსაკუთრებით ტვირთბრუნვაშია თვალსაჩინო, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მოთხოვნას როგორც დასაწყობების მომსახურებებზე, ასევე თანამედროვე სასაწყობო სივრცეებზე. ეს პროცესი განსაკუთრებით გამოკვეთილი ბოლო წლებში გახდა: 2023-დან 2024 წლამდე ახალაშენებული სასაწყობო ფართობი 3,4-ჯერ გაიზარდა.
ამჟამად, საქართველოში საწყობების ჯამური ფართობი დაახლოებით 2,2 მილიონ კვადრატულ მეტრს შეადგენს. ამ ფართობის ორი მესამედი მფლობელების მიერ გამოიყენება, ხოლო დანარჩენი ნაწილი იჯარით არის გაცემული. იჯარით გაცემული ფართობებიდან 68% თბილისშია თავმოყრილი, 17% – ქუთაისში, ხოლო დანარჩენი შავი ზღვის პორტებზე ნაწილდება (ბათუმი – 5%, ფოთი – 5%).
თიბისი კაპიტალის პროგნოზით, მომდევნო სამ წელიწადში სასაწყობო ფართობების მოცულობა კიდევ დაახლოებით 9%-ით გაიზრდება.
აღნიშნული ტენდენცია ნათლად აჩვენებს, რომ საქართველო სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იძენს ევროპასა და ცენტრალური აზიის დინამიურად მზარდ ბაზრებს შორის.
