ევროკავშირმა საქართველოს 60 მილიონი ევროს (დაახლოებით 240 მილიონი ლარი) ოდენობის გრანტი გამოუყო COVID-19-ს კრიზისის დასაძლევად. აღნიშნული სახსრები განკუთვნილია საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელების მხარდასაჭერად.
აღნიშნული სახსრები პირველი ტრანშია იმ 75 მილიონი ევროდან (დაახლოებით 300 მილიონი ლარი), რომელიც „COVID-19-ის მიმართ საქართველოს მდგრადობის ხელშეკრულებით“ არის განსაზღვრული და რომლის მეშვეობითაც ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელებაში. გეგმა მოიცავს ღონისძიებებს, რომელთა მიზანია შემოსავლის წყაროების დაკარგვით გამოწვეული ნეგატიური ზეგავლენის შემცირება, სამუშაო ადგილების შენარჩუნების ხელშეწყობა, ბიზნესის მხარდაჭერა და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება. ევროკავშირის მიერ უზრუნველყოფილი დახმარების მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდაჭერა პანდემიის უარყოფითი შედეგების გამოსწორებაში.
გადაწყვეტილება აღნიშნული სახსრების გამოყოფის შესახებ მიღებულ იქნა მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის, ეკონომიკური პოლიტიკის, სახელმწიფო ფინანსური რესურსების მართვისა და ბიუჯეტის გამჭვირვალობის დადასტურების შემდეგ. დარჩენილი თანხის გამოყოფა მოხდება მთავრობის მიერ გატარებული ზომების შეფასების საფუძველზე, რომლებიც შეეხება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სოციალური დახმარების გაწევას, ბიზნესების მხარდაჭერას სამუშაო ადგილების შენარჩუნების კუთხით და ინტენსიური თერაპიის საწოლების რაოდენობის გაზრდას.