Startseite » news_ge » თხილის ექსპორტი იზრდება: გერმანია-საქართველოს სტრატეგიული ბაზარი

თხილის ექსპორტი იზრდება: გერმანია-საქართველოს სტრატეგიული ბაზარი

by Salome Mumladze

ბოლო წლებში საქართველოდან თხილის ექსპორტს სტაბილურად მზარდი ტენდენცია ახასიათებს. საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტზე 7 883,8 ტონა თხილი გავიდა, რომლის საერთო ღირებულებამ 59 042,9 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 30 %-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდს, როდესაც ექსპორტმა 6 062,8 ტონა შეადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ იტალია კვლავ რჩება საქართველოს თხილის მთავარ საექსპორტო ბაზრად (1 179,3 ტონა), ბოლო პერიოდში გერმანიის როლი თვალშისაცემად იზრდება. მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში გერმანიაში ექსპორტირებული თხილის მოცულობამ 382,9 ტონა შეადგინა, რაც ქვეყანას ევროპის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზრად აქცევს.

გერმანია ცნობილია თხილის მოხმარების მაღალი კულტურით -პროდუქტი ფართოდ გამოიყენება საკონდიტრო, შოკოლადის და საკულინარიო ინდუსტრიაში. ბოლო წლებში კი გერმანიაში განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა ნატურალური და ორგანული პროდუქტების მიმართ. ამ ტენდენციის ფონზე, საქართველოში მოყვანილი მაღალი ხარისხის თხილი, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, განსაკუთრებული ინტერესის საგნად იქცა გერმანელ იმპორტიორებში.

გერმანია საქართველოსთვის არა მხოლოდ სტაბილური, არამედ მზარდი და სტრატეგიული ბაზარია. ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესებისა და ეფექტური ლოგისტიკური გადაწყვეტილებების დანერგვის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ უახლოეს წლებში ქართულ თხილზე გერმანიაში მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება და ქვეყანა იტალიასთან და ესპანეთთან ერთად ერთ-ერთ მთავარ იმპორტიორ პარტნიორად ჩამოყალიბდება.

გარდა იტალიისა და გერმანიისა, საქართველოს თხილის საექსპორტო სტრუქტურაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ ასევე ესპანეთი (1 171,2 ტონა), საფრანგეთი (540,3 ტონა) და რუსეთი (413,4 ტონა). ამდენად, 2025 წლის პირველ რვა თვეში TOP 5 საექსპორტო ბაზარია: იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, რუსეთი და გერმანია.

ეს მონაცემები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს თხილის სექტორის გაძლიერებულ პოზიციებს ევროპულ ბაზრებზე და წარმოაჩენს ქვეყნის მზარდ პოტენციალს აგროექსპორტის მიმართულებით.

You may also like

X
Skip to content