International Innovative Technologies (EUROSOLAR Georgia) და Eberhard Schöck Stiftung – გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი ორგანიზაციები – ერთობლივად მუშაობენ, რათა საქართველოში პროფესიული განათლების სექტორში მზის ენერგიასთან დაკავშირებული პრაქტიკული უნარებისა და ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა გაიზარდოს.
ინიციატივა გასულ წელს ქ. ფოთში, „ფაზისის კოლეჯში“ გაჩნდა, სადაც სტუდენტებმა მზის ენერგიის სფეროში პრაქტიკული სწავლება გაიარეს, ხოლო კოლეჯს სახურავზე მზის ელექტროსადგური (PV სისტემა) დაუმონტაჟდა. ამ წარმატებული პროექტის მაგალითზე დაყრდნობით, 2025 წელს პროგრამაში ჩაერთო კიდევ სამი კოლეჯი: “ახალი ტალღა” ქობულეთში, რუსთავის „მოდუსი“ და კასპის პროფესიული კოლეჯი. თითოეული მათგანი იღებს სრულად დამონტაჟებულ და ამოქმედებულ მზის ელექტროსისტემას, რომელიც პროექტის ფარგლებში შეწირულობით დაინერგა. ეს სისტემები სტუდენტებისთვის წარმოადგენს სასწავლო რესურსს, ხოლო სასწავლებლისთვის – სუფთა ენერგიის წყაროს.
პროგრამის ძირითადი კომპონენტები:
- მზის ელექტროსისტემების შეწირულობა და ინსტალაცია მონაწილე კოლეჯებში
- სემინარები და პრაქტიკული ვორქშოპები ადგილზე – რეალურ ინსტალაციაზე, ექსპლუატაციასა და დიაგნოსტიკაზე ორიენტირებული თეორიული და პრაქტიკული ნაწილით
- ციფრული ინსტრუმენტების, მაგალითად K2 Base პლატფორმის გამოყენება სისტემების დაგეგმარებისა და პროექტების მართვისთვის
- ტექნიკური მხარდაჭერა და მუდმივი თანამშრომლობა სასწავლებლებს, ადგილობრივ ექსპერტებსა და პარტნიორებს შორის
ამ ახალი სისტემების დახმარებით, მეტი სტუდენტი იღებს პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც აუმჯობესებს მათ პროფესიულ უნარებს, ხოლო კოლეჯები თავადაც სარგებლობენ განახლებადი ენერგიით.
წლის ბოლომდე დაგეგმილია საქართველოს მასშტაბით ინიციატივის გაფართოება და პროექტში მინიმუმ ექვსი კოლეჯის ჩართვა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს მზის ენერგეტიკის მიმართულებით ადგილობრივ კადრებსა და შესაძლებლობებს.
პროექტის განვითარებასთან ერთად, DWV მიესალმება სხვა წევრების ჩართულობას – როგორც სპონსორების, პარტნიორების ან პროფესიული განათლებისა და განახლებადი ენერგიის განვითარების მხარდამჭერების როლში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან თანამშრომლობის შესაძლებლობების განსახილველად, გთხოვთ დაუკავშირდით ბ-ნ ილდარ ბიკანასოვს შემდეგ ელ. ფოსტაზე: ib@iitech.ge
