საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს აქსელერატორებისთვის ,,ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის” განსახორციელებლად.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა – 20 ივნისი, 2025, 23:59 (GMT+4) შემდეგ ელ. ფოსტაზე accelerator@gita.gov.ge
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აქსელერატორებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- არის იურიდიული პირი ან იურიდიულ პირთა გაერთიანება;
- გააჩნია აქსელერაციის პროგრამის მართვის არანაკლებ 8-წლიანი გამოცდილება;
- აქსელერატორის მმართველ დირექტორს გააჩნია 15-წლიანი გამოცდილება კომბინირებული სამეწარმეო და აღმასრულებელი დონის ბიზნესისა და ანგელოზი ინვესტორის/ვენჩურული კაპიტალის მიმართულებით;
- აქსელერაციის პროცესში ჩართული ჰყავს სულ მცირე 10 მენტორი, არანაკლებ 10-წლიანი მენტორობის გამოცდილებით.
განმცხადებლები, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, მიწვეულნი იქნებიან ფიზიკურ გასაუბრებაზე შესარჩევი კომისიის წინაშე 2025 წლის 21-25 ივლისის პერიოდში ქ. თბილისში, საქართველოში.
შერჩეული აქსელერატორები მიიღებენ გრანტს ,,ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის” განსახორციელებლად. საგრანტო ხელშეკრულების ხანგრძლივობა იქნება ოთხი წელი, რომელიც განახლდება ყოველწლიურად.
პროგრამის განხორციელება უნდა დაიწყოს არაუგვიანეს 2026 წლის იანვრისა.
პროგრამის მიზანია საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნეს იდეების მქონე სტარტაპების საინვესტიციო პოტენციალის გაძლიერება და გლობალურ ბაზარზე გასვლის ხელშეწყობა.