საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ახალი ინიციატივით გამოვიდა: გადასახადის გადამხდელს, 1 აპრილამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების წლის ბოლომდე გადახდის პირობით, შეეძლება შეიმციროს დარიცხული საურავები.
ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 1 აპრილამდე წარმოშობილი აღიარებული/არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, შესაძლებლობა ექნება გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა/საურავები.
აღნიშნული ინიციატივა ერთჯერადი ხასიათისაა და ემსახურება გადასახადის გადამხდელებისათვის პანდემიიდან გამოწვეული სირთულეების დაძლევას.
ამ ინიციატივის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა მიმდინარე წლის პირველ აგვისტომდე უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით და გადასახადის ძირითადი თანხის გადახდა განახორციელოს მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე.
გადასახადის გადამხდელებს, რომელთა მიმდინარე საგადასახადო დავალიანებაც არსებითად მხოლოდ სანქციისაგან შედგება, საგადასახადო შეთანხმება გაუფორმდებათ ანალოგიური პირობებით, საგადასახადო დავალიანების 30%-ის გადახდის შემთხვევაში.
აღნიშნული ინიციატივა ეხება ყველა გადამხდელს, რომელსაც აქვს საგადასახადო დავალიანება (მათ შორის, საგადასახადო დავაში არსებულ დავალიანება). ინიციატივა არ შეეხება იმ გადასახადის გადამხდელებს, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის სამართალწარმოება სავარაუდო ეკონომიკური დანაშაულისათვის.
კოვიდ19–ის პანდემიით გამოწვეული სირთულეების დასაძლევად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სხვა საფინანსო უწყებების მიერ განხორციელებული პროექტების და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ ინფორმაციას იხილავთ ამ ბუკლეტში.