ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მეოთხე ფაზა საქართველოს დამატებით დახმარებას გაუწევს სურსათის უვნებლობისა და სტანდარტების დანერგვაში, რათა ქვეყანაში უკეთ იქნას დაცული მომხმარებელთა უფლებები და გაიზარდოს ქართული პროდუქციის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ექსპორტის პოტენციალი. პროგრამა ასევე გააგრძელებს საქართველოს სოფლის განვითარების მხარდაჭერას და სოფლად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობას.
ევროკავშრის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ზალკალიანმა ხელი მოაწერეს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD IV) მეოთხე ფაზის დაწყებას, რომლის ჯამური ბიუჯეტი 55 მილიონ ევროს (დაახლოებით 215 მილიონ ლარს) შეადგენს.
პროგრამის მეოთხე ფაზის მიზანია, ქვეყანაში გააძლიეროს სურსათის ხარისხხი და სტანდარტები, ხელი შეუწყოს მომხმარებელთა უფლებების დაცვას და ევროკავშირში ექსპორტის ზრდას, ასევე სოფლად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ეს მხარდაჭერა ევროკავშირისა და ევროპის გუნდის მიერ საქართველოსთვის COVID-19-ის გამოწვევების დასაძლევად გამოყოფილი უფრო ფართო დახმარების ნაწილია.
წყარო: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში