თხილის ექსპორტი მნიშვნელოვან ზრდას განიცდის. 2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 3 მარტის ჩათვლით, ექსპორტირებულია 13,700 ტონა თხილი – რაც გასულ წელთან შედარებით 18%-ით მეტია. ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები გაზრდილია 36%-ით, რაც საერთო ჯამში 84.4 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ასევე, საშუალო საექსპორტო ფასი კილოგრამზე 16%-ით გაიზარდა და ამჟამად 6.14 აშშ დოლარს შეადგენს.
საქართველოს თხილის ძირითადი იმპორტიორები ევროპული ქვეყნები არიან, მათ შორის იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი და ჩეხეთი. ასევე, სხვა ბაზრები მოიცავს სომხეთს, ჩინეთს, თურქეთს, ისრაელს, რუსეთს და უკრაინას.
2025 წელს ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წევრმა 8 კომპანიამ, თიბისის მხარდაჭერით, ინდოეთის ქალაქ მუმბაიში, საერთაშორისო გამოფენაში – MEWA INDIA 2025 მიიღო მონაწილეობა. ვიზიტის ფარგლებში, ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციამ კავშირები დაამყარა ინდოეთის ბაზარზე პოტენციურ შემსყიდველებთან და თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა გამოფენის ორგანიზატორ ორგანიზაციასთან – ინდოეთის მშრალი ხილისა და კაკლოვნების საბჭოსთან.
ინდოეთი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარია თხილისთვის, და ქართული მწარმოებლები ელოდებიან, რომ მომდევნო წლებში ამ მიმართულებით მათი საექსპორტო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამჟამად საქართველოს თხილის მთავარი საექსპორტო ბაზრები ევროპის, დასავლეთ და სამხრეთ აზიის ქვეყნებია.