ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის, განცხადებით, საქართველოში „დღეისთვის გერმანიიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით დაახლოებით 500 მილიონი ევროა ინვესტირებული“.
„დარწმუნებული ვარ, რომ გერმანული ბიზნესი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად განაგრძობს“, განაცხადა მინისტრმა 31 მაისს, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) ორგანიზებით გამართულ ფორუმზე.
ფორუმზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში მიმდინარე სტრუქტურულ რეფორმებზე, და დავითაშვილმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ისეთ დარგებზე, როგორებიცაა: სამრეწველო პროდუქციის წარმოება, გადამამუშავებელი და ტექნოლოგიური სექტორი, ენერგეტიკა და საავტომობილო და საავიაციო ნაწილების წარმოება, იუწყება ეკონომიკის სამინისტრო.
ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს გერმანიის პირდაპირმა ინვესტიციებმა საქართველოში $31.6 მილიონი (წლიური კლება – 13.5%) შეადგინა.