თეგეტა ჰოლდინგი, როგორც ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი კომპანია, იწყებს პროექტს პროფესიას არ აქვს გენდერი.
პროექტის მიზანია, პროფესიის არჩევისას არსებული გენდერული სტერეოტიპების დაძლევის პრეცედენტის შექმნა განათლების გზით.
კვლევები და ემპირიული დაკვირვება ცხადყოფს, რომ ქალთა მხრიდან პროფესიის არჩევაზე ბევრი სტერეოტიპული ფაქტორი ახდენს გავლენას. როგორც წესი, ქალები არ ირჩევენ ისეთ საქმეს, სადაც უმეტესად კაცები მუშაობენ. არადა, ასეთი პროფესიები ხშირად უფრო შემოსავლიანი და მოთხოვნადია.
კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება 5 ქალის განათლება ავტომექანიკოსის ძირითად მიმართულებებზე. შეირჩევიან ქალები, რომელთაც აქვთ ავტოინდუსტრიაში მუშაობის მაღალი მოტივაცია.
კომპანია დაინტერესებულ კანდიდატებს სთავაზობს, მიიღონ თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, დაეუფლონ პროფესიას ავტოინდუსტრიაში სხვადასხვა მიმართულებით და დასაქმდნენ ჰოლდინგის მასშტაბით.
კომპანია დაარსდა 1995 წელს და როგორც ჰოლდინგი აერთიანებს 5 შვილობილ კომპანიას: შპს თეგეტა თრაქ ენდ ბასი (MAN Truck & Bus AG-ის, ოფიციალური წარმომადგენელი), შპს თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი (JCB-ის ოფიციალური წარმომადგენელი); შპს თეგეტა პრემიუმ ვიიქელს (პორშესა და მაზდას ოფიციალური დილერი), ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანია (Shell Lubricants – ოფიციალური წარმომადგენელი) და ტოიოტა ცენტრი თეგეტა (TOYOTA-ს ოფიციალური დილერი საქართველოში).
კომპანია ყოველწლიურად ზრუნავს მაღალტექნოლოგიურ განვითარებაზე მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მხარდაჭერით, დასავლური ცოდნის, გამოცდილების გაზიარებითა და საკუთარ საქმიანობაში დანერგვით. საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა კომპანიას საშუალებას აძლევს, საქართველოში შემოიტანოს ტექნიკური ნოუ-ჰაუ და ინოვაციები. კომპანია მუდმივად ხარისხზეა ორიენტირებული, სწორედ ამაზე მეტყველებს კომპანიის უცვლელი სლოგანი „დროა აირჩიო ხარისხი“.
ჰოლდინგის მომსახურებები მოიცავს სატვირთო მანქანების, ავტომობილების, ავტობუსების, კონსტრუქციებისა და სპეციალური ტექნიკის დიაგნოსტიკასა და შეკეთებას. კომპანია ასაქმებს 1.500-ზე მეტ ადამიანს. კომპანია ემსახურება 34.000-მდე მომხმარებელს 2.000-მდე სარემონტო ობიექტზე. ის აერთიანებს 21 ფილიალს თბილისში, ბათუმში, რუხში (ზუგდიდი), ფოთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თელავში, მარნეულსა და ახალქალაქში. თეგეტა მოტორსი წარმატებით საქმიანობს ამიერკავკასიის ბაზარზე. გარდა ამისა, კომპანია არის Groupauto International-ის ოფიციალური წევრი.
გაეცანით ჩვენი წევრების სიახლეებს ამ ბმულზე