150,000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მეთორმეტედ გამოაცხადა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ. დღეიდან შესაძლებელია ინოვაციური ბიზნეს იდეის წარდგენა.
პირველ ეტაპზე შეირჩევა 150 სტარტაპი, რომელიც გაივლის გადამზადებას ბიზნეს გეგმის, ბიუჯეტირების, პროგნოზირებისა და ბაზრის კვლევის მიმართულებით, იუწყება სააგენტო. შემდგომ საფეხურზე 150 სტარტაპი გრანტების პორტალის მეშვეობით წარმოადგენენ ბიზნეს გეგმებს, რომლებსაც შეაფასებენ საერთაშორისო ექსპერტები. ბიზნეს გეგმის შეფასებისა და გასაუბრების საფუძველზე გამოვლინდება 50 ფინალისტი.
თანადაფინანსების გრანტები განკუთვნილია იმ სტარტაპებისთვის, რომელთა ჯამური ბრუნვა არ აღემატება 500,000 ლარს ბოლო 12 თვის განმავლობაში. პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.
სააგენტოს მონაცემებით, თანადაფინანსების გრანტების პროგრამის თერთმეტი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 215 სტარტაპი დაფინანსდა.
წყარო: საინფორმაციო სააგენტო “სარკე”