საქართველოში დაიწყო მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის მართვის გაუმჯობესების პროექტის (GRAIL) განხორციელება.
$150 მილიონის ღირებულების GRAIL-ის პროექტი თანაბრად ფინანსდება საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის მიერ, იუწყება მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობა.
პროექტი დააფინანსებს სამშენებლო სამუშაოებს, საქონლის, აღჭურვილობისა და შესაბამისი სერვისების შესყიდვას, ისევე როგორც ტექნიკურ ტრენინგებს.
როგორც აღნიშნულია, სარწყავ და სადრენაჟე ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციები გააუმჯობესებს საირიგაციო წყალმომარაგებას, წყლის მომხმარებლებისთვის კლიმატით გამოწვეული ნალექის ცვალებადობასთან დაკავშირებული რისკების შემცირების პარალელურად.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაში 2 ორგანიზაცია შეიქმნება, რომლებიც პროექტს კოორდინაციასა და ტექნიკურ ზედამხედველობას გაუწევს.