დანიურმა ლოგისტიკურმა კომპანიამ Maersk-მა წარმატებით დაასრულა პირველი სატესტო მიწოდება იაპონიიდან ევროპაში შუა დერეფნის გავლით. ეს მარშრუტი, რომელიც გადის საქართველოში ფოთის პორტზე, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, როგორც გლობალური მიწოდების ჯაჭვის ალტერნატივა.
Maersk-ის ცენტრალური აზიისა და კავკასიის ბიზნესის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, ირაკლი დანელიას თქმით, შუა დერეფანი ვითარდება სტრატეგიულ კავშირად ჩინეთიდან, იაპონიიდან და კორეიდან საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით საქონლის ევროპაში ტრანსპორტირებისთვის. გრძელვადიან პერსპექტივაში, ამან შეიძლება ხელი შეუწყოს გლობალური სავაჭრო გზების დივერსიფიკაციას და სტაბილიზაციას.
Infrastruktur Ge
ავსტრიულმა ლოგისტიკურმა კომპანია Gebrüder Weiss-მა ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოება დაასრულა. ახალი ტერმინალის გახსნა ხაზს უსვამს კომპანიის მზარდ ინვესტიციებს საქართველოში და ადასტურებს, რომ კავკასიის რეგიონის ლოგისტიკურ სექტორში Gebrüder Weiss-ს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
დასრულებული პროექტი საკმაოდ შთამბეჭდავია და მისი მოცულობა 6300 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ახალი ტერმინალი მოიცავს როგორც ლოგისტიკურ, ასევე – სასაწყობე ფართებს, საკუთარი პარკირების ზონით. ეს გაფართოება ემატება უკვე არსებულ 12,500 კვადრატულ მეტრ ლოგისტიკურ ფართს, რაც ჯამში 18,800 კვადრატულ მეტრამდე აღწევს. პროექტს საფუძველი 2023 წლის დეკემბერში ჩაეყარა და მისი განხორციელება 9 თვეში დასრულდა.
Gebrüder Weiss-მა ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოება საზეიმო ღონისძიებით გახსნა. ცერემონიას ესწრებოდნენ მაღალი რანგის სტუმრები, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ავსტრიის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში, Gebrüder Weiss-ის სათავო ოფისის ხელმძღვანელობა, კომპანიის პარტნიორები და საქართველოს ფილიალის თანამშრომლები.
„თბილისის ლოგისტიკური ცენტრის ეს მნიშვნელოვანი გაფართოება კიდევ ერთხელ ადასტურებს Gebrüder Weiss-ის მიზნებს საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონში. ეს ინვესტიცია არა მხოლოდ გააძლიერებს კომპანიის პოზიციებს ბაზარზე, არამედ – მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და მის ინტეგრაციას გლობალურ ლოგისტიკურ ქსელში“, – აღნიშნავს Gebrüder Weiss-ის აღმასრულებელი დირექტორი ვოლფრამ ზინგერ ვაისი.
„ეს ჩვენთვის გადამწყვეტი ნაბიჯია, რადგან საქართველოში ჩვენი სერვისების განვითარების გაგრძელება გვაქვს დაგეგმილი. დამატებითი ლოგისტიკური ფართობი საშუალებას მოგვცემს მზარდი ბიზნეს მოცულობები სწრაფად და მოქნილად ვმართოთ, და უზრუნველვყოთ მომხმარებლის კმაყოფილება”, – აცხადებს Gebrüder Weiss-ის საქართველოს გენერალური დირექტორი ალექსანდრე ხარლამოვი.
სულ ახლახანს, Gebrüder Weiss-მა დანერგა რეგულარული ნაკრები ტვირთის სახმელეთო ტრანსპორტირების მომსახურება თბილისსა და ალმათის (ყაზახეთი) შორის, რაც ცენტრალურ აზიას უფრო მჭიდროდ აკავშირებს Gebrüder Weiss-ის ერთიან ევროპულ ქსელთან და თავის მხრივ მომხმარებელს სთავაზობს საჰაერო გადაზიდვის ალტერნატიულ საშუალებას.
„აღნიშნული გაფართოებით ჩვენ ვგეგმავთ გავზარდოთ ყაზახეთთან თანამშრომლობა, ყურადღება გავამახვილოთ საქართველოს რეგიონალური ჰაბის როლზე და საერთაშორისო საკვანძო კლიენტებზე“ – აღნიშნავს Gebrüder Weiss-ის რეგიონული მენეჯერი ტომას მოზერი.
Gebrüder Weiss-ის ლოგისტიკური ტერმინალი საქართველოში 2012 წელს დაფუძნდა და ის ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის საქონლის ტრანსპორტირების მნიშვნელოვან ჰაბად იქცა. ბოლო სამი წლის განმავლობაში საქონლის იმპორტი და ექსპორტი კიდევ უფრო მკვეთრად გაიზარდა, როგორც ევროკავშირის, საქართველოს მეზობელი ქვეყნების – სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით, ასევე, ცენტრალური აზიის მიმართულებითაც. შესაბამისად, სატრანსპორტო მარშრუტებზე, სასაწყობე ინფრასტრუქტურასა და ლოგისტიკურ სერვისებზე მოთხოვნა გაიზარდა.
2024 წელს Gebrüder Weiss-ის ევროპული ინვესტიციების მოცულობამ საქართველოში 12 მილიონ ევრომდე შეადგინა, ხოლო ჯამურმა ინვესტიციებმა 30 მილიონ ევროს გადააჭარბა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, კომპანიამ ჯამურად 500,000 ტონამდე ტვირთი გადაზიდა. ეს ციფრები ნათლად აჩვენებს კომპანიის გრძელვადიან გეგმებს საქართველოს ბაზარსა და რეგიონშიც.
ავსტრიაში მდებარე Gebrüder Weiss Holding AG გლობალურად მომუშავე სრული ლოგისტიკური სერვისების მომწოდებელი კომპანიაა. მსოფლიოს მასშტაბით, კომპანიის საკუთრებაში არსებულ 180 ლოკაციაზე დასაქმებულია 8 400 თანამშრომელი. 2022 წელს, ჰოლდინგის წლიურმა გაყიდვებმა 3 მილიარდი ევრო შეადგინა. კომპანიის პორტფოლიო სატრანსპორტო და ლოგისტიკურ გადაწყვეტილებებს, ციფრულ სერვისებსა და მიწოდების ჯაჭვის მართვას მოიცავს. ციფრული და ფიზიკური კომპეტენციების ერთობლიობა Gebrüder Weiss-ს საშუალებას აძლევს, მომხმარებლის საჭიროებებს სწრაფად და მოქნილად უპასუხოს.
ოჯახის მიერ მართულმა ორგანიზაციამ – ისტორიით, რომელიც 500 წელზე მეტს ითვლის – გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური ინიციატივების ფართო სპექტრი დანერგა. დღეისთვის, ის აგრეთვე მიჩნეულია პიონერად მდგრადი ბიზნესის პრაქტიკებში.
DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.
საქართველოში ფრენებს ავიაკომპანია Edelweiss იწყებს
2025 წლის 12 აპრილიდან შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss ციურიხსა და თბილისს შორის პირდაპირ რეგულარულ რეისებს დაიწებს, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება. ავიაკომპანია ფრენებს კვირაში 2 სიხშირით Airbus 320 საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.
ციურიხი ახალი მიმართულებაა საქართველოს საავიაციო ბაზრისთვის, ხოლო Edelweiss ძირითადად საკურორტო მიმართულებით ოპერირებაზეა ორიენტირებული.
Edelweiss 29 წლის წინ დაფუძნებული შვეიცარიული Swiss International Airlines-ის შვილობილი ავიაკომპანიაა, რომელიც Lufthansa ჯგუფის მფლობელობაშია. Edelweiss ფრენებს ციურიხის ბაზიდან 90 მიმართულებით ასრულებს.
Gebrüder Weiss-მა თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის ახალი ტერმინალი გახსნა
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრმა ავსტრიულმა კომპანიამ, Gebrüder Weiss-მა თბილისში, 4 ოქტომბერს, არსებული ლოგისტიკური ცენტრის ახალი ტერმინალი გახსნა. ეს არის 2012 წელს დაფუძნებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემების თანახმად, წელს კომპანიის ინვესტიციამ 12 მილიონ ევრომდე შეადგინა, ხოლო ჯამურმა ინვესტიციებმა 30 მილიონ ევროს გადააჭარბა.
კომპანია Gebrüder Weiss სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვებს აწარმოებს კონტინენტის ნებისმიერ ადგილას. კომპანიის მომსახურებათა პორტფელი საქართველოში მოიცავს ლოგისტიკური პრობლემების გადაჭრის საშუალებებს სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო გზების მეშვეობით, ასევე დისტრიბუციასა და საბაჟო ფორმალობებს. 10-დან 15-მდე რეისი ხორციელდება ევროპიდან საქართველოს მიმართულებით, რის შემდეგაც ხდება ტვირთების მიწოდება სომხეთსა და აზერბაიჯანში.
DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.
საქართველოს გერმანიიდან სტუმრობდა ბიზნეს დელეგაცია. აღნიშნული დელეგაციის ინიციატორი გახლდათ გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის სამინისტრო. კომპანია Commit Project Partners GmbH-სთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოში დელეგაციის ვიზიტის ორგანიზატორი იყო გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება. დელეგაციის ძირითად თემას წარმოადგენდა ინფრასტრუქტურა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ისეთ სფეროების წარმომადგენლები, როგორებიც არის წყალმომარაგება-წყალარინება, ნარჩენების გადამუშავება, ენერგეტიკა (ჰესები, კაშხლები) და სხვა.
გერმანული კომპანიების წარმომადგენლები, ვიზიტის ფარგლებში, შეხვდნენ შესაბამის სამინისტროებს საქართველოში. მათ, აგრეთვე, შესაძლებლობა ჰქონდათ გაეცნოთ მათთვის საინტერესო ბიზნეს სექტორში მოღვაწე კომპანიები. ქართულ და გერმანულ კომპანიებს შორის გაიმართა B2B-ფორმატის შეხვედრები. დელეგაცია, 2 დღიანი ვიზიტით, იმყოფებოდა აგრეთვე ქალაქ ბათუმში, სადაც შეხვედრები შედგა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან, თემატურად შესაბამის უწყებებთან და კომპანიებთან.
BMWK-Markterschließungsprogramm – Geschäftsanbahnungsreise – Versorgungsinfrastruktur
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი, ელემენტ კონსტრაქშენი
„თბილისი დრაი პორტის“ დაკვეთით, ლოგისტიკური ინდუსტრიისთვის ერთ-ერთ
ყველაზე მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობს.
კომპანია მშრალი ტვირთების სასაწყობო ცენტრს აშენებს, რომელიც თბილისში,
რკინაბეტონის ანაკრები კონსტრუქციების გამოყენებით, მიმდინარეობს. ელემენტ
კონსტრაქშენია პროექტის აღნიშნული ნაწილის პროექტირების ავტორიც.
პროექტის კონცეფცია მოიცავს მშრალი პორტის ინფრასტრუქტურის განვითარებას
საკონტეინერო, სარკინიგზო, საავტომობილო და სასაწყობო მიმართულებებით.
გეგმის მიხედვით, პორტი მოემსახურება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ
გადაიქცევა რეგიონის ლოგისტიკურ ცენტრად.
ელემენტ კონსტრაქშენი 2007 წელს დაარსდა და დღემდე, ქვეყნისთვის არაერთი
მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. კომპანიის მიმართულებებია:
ლითონკონსტრუქციების წარმოება-მონტაჟი, სამრეწველო იატაკები,
ინდუსტრიული ობიექტების პროექტირება-ოპტიმალური კონსტრუქციული და სხვა
ტექნიკური გადაწყვეტები, ჰიდროიზოლაციის სისტემები, სარემონტო სამუშაოები
და საინჟინრო სისტემების მონტაჟი.
DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.
საქართველოსა და ბულგარეთს შორის საბორნე მიმოსვლის აღდგენა აძლიერებს „შუა დერეფანს“
მიმდინარე წლის აგვისტოდან საქართველოსა და ბულგარეთს შორის კვლავ მოძრაობს ბორნები, რაც გარკვეული პერიოდის მანძილზე შეფერხებული იყო. საბორნე მიმოსვლა წარმოადგენს მნიშვნელოვან დამაკავშირებელ საშუალებას ამ ორ ქვეყენას შორის, მისი ახლა აღდგენა კი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის ლოგისტიკური კავშირების გაძლიერებისა და „შუა დერეფნის“ ეფექტურობის გაზრდისკენ.
საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტმა, ბულგარეთის რკინიგზის წარმომადგენლებმა და ბულგარულმა გადამზიდავმა კომპანიამ P.N.A თბილისში საბორნე მოძრაობის აღდგენის შესახებ შეთანხმებას მიმდინარე წლის ივლისში მოაწერეს ხელი. წლის დასაწყისიდან კი ინტენსიური სამზადისი მიმდინარეობდა, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო საბორნე დაკავშირების ხელახლა ამოქმედებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და საოპერაციო პროცესები.
ეს საბორნე და სარკინიგზო კავშირები გადამწყვეტ როლს თამაშობს შავი ზღვის გავლით საქონლის ტრანსპორტირებაში და აქვს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნისთვის, რომელიც ასევე ცნობილია როგორც “შუა დერეფანი”. საბორნე კავშირის აღდგენა არა მხოლოდ უზრუნველყოფს სატვირთო მიმოსვლის დამატებით სიმძლავრეს, არამედ ხელს უწყობს ამ მნიშვნელოვანი ლოგისტიკური დერეფნის ოპტიმიზაციას და გაზრდის ეფექტურობას, რომელიც აკავშირებს ევროპას აზიასთან.
ბორანი მოძრაობს კვირაში 1-ელ, მგზავრობა იწყება ბათუმში და სრულდება ბურგასში და ის 60 საათს გრძელდება. ფასები განსხვავებულია გადასატანი ტვირთის მიხედვით. მაგ. მიკროავტობუსის გადაზიდვა ერთ გზაზე 670 ევრო ღირს, ხოლო მსუბუქი ავტომობილების – 480 ევრო.
გარდა ტვირთებისა, ბორანით მგზავრების გადაყვანაც შესაძლებელია. ხელმისაწვდომია 4 ადგილიანი კაიუტები, რომლის დაჯავშნა ერთ ან ორ ადამიანსაც შეუძლია. ფასების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ ამ ბმულზე: https://ferrygogo.com/route/burgas-batumi/
ევროკავშირის, გაეროსა და ავსტრიის მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობის ჩართულობით, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ახალი პროექტი იწყება, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. პროექტის ბიუჯეტი 4 მილიონ EUR-ს შეადგენს.
4-წლიანი პროექტის მიზანია ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაძლიერება და ეროვნული შესაძლებლობების გაზრდა მოდელირებისა და პროგნოზირების კუთხით, აღნიშნავს უწყება.
გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით, 2025 წლის ბოლოს, საქართველოს ექნება ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისი ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი და სისტემა, აცხადებს სამინისტრო.
აღნიშნულ თემაზე დამატებით ინფორმაციას გაეცნობით ამ ვიდეოში
წყარო: საინფორმაციო სააგენტო სარკე
თბილისს ახალი აეროპორტი ექნება
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანში აშენდება.
“ჩვენ განვიხილეთ 2 ალტერნატიული ვარიანტი: არსებული აეროპორტის გაფართოება და ახალი აეროპორტის მშენებლობა”, აღნიშნა პრემიერმა და დასძინა: გაფართოების ხარჯი იყო დაახლოებით $900 მილიონი, ახლის აშენების ფასი $1.26 მილიარდი.
კობახიძის თქმითვე, არსებული თბილისის აეროპორტის გამტარუნარიანობა არის დაახლოებით 4.5 მილიონი მგზავრი და გაფართოების შემთხვევაში იქნებოდა მაქსიმუმ 15 მილიონი. ხოლო ახალი აეროპორტის მშენებლობა „გვაძლევს 19 მილიონამდე მგზავრების რაოდენობის გაზრდის საშუალებას, შემდგომი გაფართოების პერსპექტივით“, აღნიშნა მან.
როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, პროექტი ეკონომიკურად იმდენად მიმზიდველია, რომ შესაძლებელი იქნება მისი განხორციელება საბიუჯეტო წნეხის გარეშე. “შევძლებთ დაფინანსების მოზიდვას არასუვერენული არხებით”, აღნიშნა მან.
რაც შეეხება მართვის მოდელს, მინისტრის თქმით, სახელმწიფო კონტროლს შეინარჩუნებს და მმართველ კომპანიას შემოიყვანს.
აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით, უახლოესი დღეებში თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის გენერალური გეგმის შესყიდვის ტენდერი გამოცხადდება. ახალი აეროპორტი, რომელიც ვაზიანში უნდა აშენდეს, ოპერირებას 2029 წელს დაიწყებს.
ვაზიანის აეროპორტის ტერიტორია იძლევა შესაძლებლობას, რათა სამგზავრო ტერმინალთან ერთად, განვითარდეს საჰაერო ტვირთების გადაზიდვის ლოგისტიკური ცენტრები და სხვა მომიჯნავე მიმართულებები, აცხადებს სამინისტრო.
როგორც უწყება აღნიშნავს, 2023 წელს, ADB-ის დაფინანსებით, საქართველოს სააეროპორტო სექტორის განვითარების კვლევა ჩატარდა.
სატრანსპორტო სფეროში გერმანიის მიერ დაფინანსებული პროექტი „Connect Georgia“ ამოქმედდა
10 აპრილს თბილისში სატრანსპორტო სფეროში ახალი 3-წლიანი პროექტის „Connect Georgia“ გახსნითი ღონისძიება გაიმართა. პროექტი გერმანიის მთავრობის მიერ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მეშვეობით არის დაფინანსებული.
პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები მოიცავს აჭარის მუნიციპალიტეტებში, ასევე თბილისსა და ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და აქტიური მობილობის (ველოსიპედითა და ფეხით გადაადგილების) გაუმჯობესებას, იუწყება გერმანიის საელჩო.
პროექტის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტს ასევე წარმოადგენს საქართველოში მდგრადი ტრანსპორტის მიმართულებით ეროვნული მარეგულირებელი ჩარჩო პირობების გაუმჯობესება.
ბაქოში მწვანე ენერგეტიკის განვითარების ოთხმხრივი მინისტერიალი გაიმართა. საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობათა წარმომადგენლებმა ბაქოში შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობა და ერთობლივი კომპანიის დაფუძნების დეტალები განიხილეს. ქართული მხრიდან მინისტერიალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებოდა.
“შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის „განხორციელებას მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ტრანსფორმაციული ეფექტი ექნება საქართველოსთვის, ხელს შეუწყობს შემდგომ ეკონომიკურ ზრდას და განვითარებას“ – განაცხადა დავითაშვილმა. „ევროპის ელექტროენერგიის ბაზრებზე წვდომა დადებითად აისახება ქართულ ბაზარზე, მის ტრანსფორმაციასა და ევროპულთან დაახლოებაზე“, აღნიშნავს ის.
მინისტრის თქმით, „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ხელს შეუწყობს ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციას, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ასევე მწვანე ენერგეტიკის განვითარებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში“.
მინისტერიალის სხდომას ბაქოში ასევე დაესწრნენ ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონი და ბულგარეთის მთავრობის წარმომადგენელი.
წყარო: საინფორმაციო სააგენტო სარკე
EBRD-ის ხელშეწყობით, ლილოს პოლიგონზე გაზშემკრები და ნარჩენების სეპარირების სისტემები მოეწყობა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, აქტიურ ფაზაში გადავიდა დიდი ლილოს პოლიგონზე გაზშემკრები სისტემის მოწყობა, განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. ეს დაგვეხმარება, დავაკმაყოფილოთ 2014 წელს გაფორმებული ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით დაკისრებული გარემოსდაცვითი ვალდებულება, აღნიშნა მან.
EBRD-ის მიერ დაქირავებული ბერძნული საკონსულტაციო და საინჟინრო კომპანია Enviroplan SA-მა დეკემბერში დაასრულებს პროექტზე მუშაობას, რომლის საფუძველზეც გამოცხადდება ტენდერი გაზშემკრები და გაზის უტილიზაციის სისტემის მოსაწყობად, განაცხადა მერმა.
გარდა ამისა, მერის ინფორმაციით, EBRD-ისა და საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ ICP-ის დახმარებით, ახლო მომავალში იგეგმება მასალების აღმდგენი ობიექტისა და მექანიკური ბიოლოგიური დამუშავების საწარმოს მშენებლობა.
ოქტომბრის ბოლოსთვის მზად იქნება ამ შენობა-ნაგებობებისა და დანადგარების კონცეპტუალური დიზაინი, განაცხადა კალაძემ და განმარტა: ეს იქნება ნარჩენების სეპარირებულად შეგროვების, განთავსებისა და გადამუშავების დაწყების საფუძველი.
მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით, საქართველოში სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის მართვის გაუმჯობესების პროექტი განხორციელდება
საქართველოში დაიწყო მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის მართვის გაუმჯობესების პროექტის (GRAIL) განხორციელება.
$150 მილიონის ღირებულების GRAIL-ის პროექტი თანაბრად ფინანსდება საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის მიერ, იუწყება მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობა.
პროექტი დააფინანსებს სამშენებლო სამუშაოებს, საქონლის, აღჭურვილობისა და შესაბამისი სერვისების შესყიდვას, ისევე როგორც ტექნიკურ ტრენინგებს.
როგორც აღნიშნულია, სარწყავ და სადრენაჟე ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციები გააუმჯობესებს საირიგაციო წყალმომარაგებას, წყლის მომხმარებლებისთვის კლიმატით გამოწვეული ნალექის ცვალებადობასთან დაკავშირებული რისკების შემცირების პარალელურად.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაში 2 ორგანიზაცია შეიქმნება, რომლებიც პროექტს კოორდინაციასა და ტექნიკურ ზედამხედველობას გაუწევს.
პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით სტუდენტის სტატუსით ისარგებელებენ ის პირები რომლებიც სწავლობენ უცხოურ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა 2021 წლის 12 ნოემბერს, მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებას, რომლის მიხედვითაც უცხოეთის უნივერსიტეტებში ჩარიცხულ პირებს სტუდენტის სტატუსი ექნებათ.
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციით, სტუდენტად არ ითვლება პირი, რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, აღიარებულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
საკანონმდებლო ცვლილების არსი მდგომარეობს იმაში, რომ დამკვიდრდეს ერთიანი ტერმინოლოგია სტუდენტის განსაზღვრებასთან დაკავშირებით და არ გახდეს საჭირო სპეციალური ჩანაწერების გაკეთება. მაგალითად, მსგავსი სპეციალური ჩანაწერის საჭიროება მიმართულია, სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით, ვინაიდან ტერმინი სტუდენტი არ მოიცავს იმ პირებს, რომლებიც რეალურად სტუდენტებად საზღვრებს გარეთ აღირიცხებიან.
კომიტეტმა კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით, განხილვისათვის მომზადებულად ცნო.
DWV აკვირდება კანონპროექტის განხილვის მიმდინარეობას და მისი ამოქმედებისთანავე გაცნობებთ იურიდიული სიახლის სახით.