ავსტრიულმა ლოგისტიკურმა კომპანია Gebrüder Weiss-მა ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოება დაასრულა. ახალი ტერმინალის გახსნა ხაზს უსვამს კომპანიის მზარდ ინვესტიციებს საქართველოში და ადასტურებს, რომ კავკასიის რეგიონის ლოგისტიკურ სექტორში Gebrüder Weiss-ს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
დასრულებული პროექტი საკმაოდ შთამბეჭდავია და მისი მოცულობა 6300 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ახალი ტერმინალი მოიცავს როგორც ლოგისტიკურ, ასევე – სასაწყობე ფართებს, საკუთარი პარკირების ზონით. ეს გაფართოება ემატება უკვე არსებულ 12,500 კვადრატულ მეტრ ლოგისტიკურ ფართს, რაც ჯამში 18,800 კვადრატულ მეტრამდე აღწევს. პროექტს საფუძველი 2023 წლის დეკემბერში ჩაეყარა და მისი განხორციელება 9 თვეში დასრულდა.
Gebrüder Weiss-მა ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოება საზეიმო ღონისძიებით გახსნა. ცერემონიას ესწრებოდნენ მაღალი რანგის სტუმრები, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ავსტრიის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში, Gebrüder Weiss-ის სათავო ოფისის ხელმძღვანელობა, კომპანიის პარტნიორები და საქართველოს ფილიალის თანამშრომლები.
„თბილისის ლოგისტიკური ცენტრის ეს მნიშვნელოვანი გაფართოება კიდევ ერთხელ ადასტურებს Gebrüder Weiss-ის მიზნებს საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონში. ეს ინვესტიცია არა მხოლოდ გააძლიერებს კომპანიის პოზიციებს ბაზარზე, არამედ – მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და მის ინტეგრაციას გლობალურ ლოგისტიკურ ქსელში“, – აღნიშნავს Gebrüder Weiss-ის აღმასრულებელი დირექტორი ვოლფრამ ზინგერ ვაისი.
„ეს ჩვენთვის გადამწყვეტი ნაბიჯია, რადგან საქართველოში ჩვენი სერვისების განვითარების გაგრძელება გვაქვს დაგეგმილი. დამატებითი ლოგისტიკური ფართობი საშუალებას მოგვცემს მზარდი ბიზნეს მოცულობები სწრაფად და მოქნილად ვმართოთ, და უზრუნველვყოთ მომხმარებლის კმაყოფილება”, – აცხადებს Gebrüder Weiss-ის საქართველოს გენერალური დირექტორი ალექსანდრე ხარლამოვი.
სულ ახლახანს, Gebrüder Weiss-მა დანერგა რეგულარული ნაკრები ტვირთის სახმელეთო ტრანსპორტირების მომსახურება თბილისსა და ალმათის (ყაზახეთი) შორის, რაც ცენტრალურ აზიას უფრო მჭიდროდ აკავშირებს Gebrüder Weiss-ის ერთიან ევროპულ ქსელთან და თავის მხრივ მომხმარებელს სთავაზობს საჰაერო გადაზიდვის ალტერნატიულ საშუალებას.
„აღნიშნული გაფართოებით ჩვენ ვგეგმავთ გავზარდოთ ყაზახეთთან თანამშრომლობა, ყურადღება გავამახვილოთ საქართველოს რეგიონალური ჰაბის როლზე და საერთაშორისო საკვანძო კლიენტებზე“ – აღნიშნავს Gebrüder Weiss-ის რეგიონული მენეჯერი ტომას მოზერი.
Gebrüder Weiss-ის ლოგისტიკური ტერმინალი საქართველოში 2012 წელს დაფუძნდა და ის ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის საქონლის ტრანსპორტირების მნიშვნელოვან ჰაბად იქცა. ბოლო სამი წლის განმავლობაში საქონლის იმპორტი და ექსპორტი კიდევ უფრო მკვეთრად გაიზარდა, როგორც ევროკავშირის, საქართველოს მეზობელი ქვეყნების – სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით, ასევე, ცენტრალური აზიის მიმართულებითაც. შესაბამისად, სატრანსპორტო მარშრუტებზე, სასაწყობე ინფრასტრუქტურასა და ლოგისტიკურ სერვისებზე მოთხოვნა გაიზარდა.
2024 წელს Gebrüder Weiss-ის ევროპული ინვესტიციების მოცულობამ საქართველოში 12 მილიონ ევრომდე შეადგინა, ხოლო ჯამურმა ინვესტიციებმა 30 მილიონ ევროს გადააჭარბა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, კომპანიამ ჯამურად 500,000 ტონამდე ტვირთი გადაზიდა. ეს ციფრები ნათლად აჩვენებს კომპანიის გრძელვადიან გეგმებს საქართველოს ბაზარსა და რეგიონშიც.
ავსტრიაში მდებარე Gebrüder Weiss Holding AG გლობალურად მომუშავე სრული ლოგისტიკური სერვისების მომწოდებელი კომპანიაა. მსოფლიოს მასშტაბით, კომპანიის საკუთრებაში არსებულ 180 ლოკაციაზე დასაქმებულია 8 400 თანამშრომელი. 2022 წელს, ჰოლდინგის წლიურმა გაყიდვებმა 3 მილიარდი ევრო შეადგინა. კომპანიის პორტფოლიო სატრანსპორტო და ლოგისტიკურ გადაწყვეტილებებს, ციფრულ სერვისებსა და მიწოდების ჯაჭვის მართვას მოიცავს. ციფრული და ფიზიკური კომპეტენციების ერთობლიობა Gebrüder Weiss-ს საშუალებას აძლევს, მომხმარებლის საჭიროებებს სწრაფად და მოქნილად უპასუხოს.
ოჯახის მიერ მართულმა ორგანიზაციამ – ისტორიით, რომელიც 500 წელზე მეტს ითვლის – გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური ინიციატივების ფართო სპექტრი დანერგა. დღეისთვის, ის აგრეთვე მიჩნეულია პიონერად მდგრადი ბიზნესის პრაქტიკებში.
DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.