Startseite » news_ge » თბილისს ახალი აეროპორტი ექნება

თბილისს ახალი აეროპორტი ექნება

by Salome Mumladze

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანში აშენდება.

“ჩვენ განვიხილეთ 2 ალტერნატიული ვარიანტი: არსებული აეროპორტის გაფართოება და ახალი აეროპორტის მშენებლობა”, აღნიშნა პრემიერმა და დასძინა: გაფართოების ხარჯი იყო დაახლოებით $900 მილიონი, ახლის აშენების ფასი $1.26 მილიარდი.

კობახიძის თქმითვე, არსებული თბილისის აეროპორტის გამტარუნარიანობა არის დაახლოებით 4.5 მილიონი მგზავრი და გაფართოების შემთხვევაში იქნებოდა მაქსიმუმ 15 მილიონი. ხოლო ახალი აეროპორტის მშენებლობა „გვაძლევს 19 მილიონამდე მგზავრების რაოდენობის გაზრდის საშუალებას, შემდგომი გაფართოების პერსპექტივით“, აღნიშნა მან.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, პროექტი ეკონომიკურად იმდენად მიმზიდველია, რომ შესაძლებელი იქნება მისი განხორციელება საბიუჯეტო წნეხის გარეშე. “შევძლებთ დაფინანსების მოზიდვას არასუვერენული არხებით”, აღნიშნა მან.

რაც შეეხება მართვის მოდელს, მინისტრის თქმით, სახელმწიფო კონტროლს შეინარჩუნებს და მმართველ კომპანიას შემოიყვანს.

აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით, უახლოესი დღეებში თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის გენერალური გეგმის შესყიდვის ტენდერი გამოცხადდება. ახალი აეროპორტი, რომელიც ვაზიანში უნდა აშენდეს, ოპერირებას 2029 წელს დაიწყებს.

ვაზიანის აეროპორტის ტერიტორია იძლევა შესაძლებლობას, რათა სამგზავრო ტერმინალთან ერთად, განვითარდეს საჰაერო ტვირთების გადაზიდვის ლოგისტიკური ცენტრები და სხვა მომიჯნავე მიმართულებები, აცხადებს სამინისტრო.

როგორც უწყება აღნიშნავს, 2023 წელს, ADB-ის დაფინანსებით, საქართველოს სააეროპორტო სექტორის განვითარების კვლევა ჩატარდა.

You may also like

X