ბაქოში მწვანე ენერგეტიკის განვითარების ოთხმხრივი მინისტერიალი გაიმართა. საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობათა წარმომადგენლებმა ბაქოში შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობა და ერთობლივი კომპანიის დაფუძნების დეტალები განიხილეს. ქართული მხრიდან მინისტერიალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებოდა.
“შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის „განხორციელებას მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ტრანსფორმაციული ეფექტი ექნება საქართველოსთვის, ხელს შეუწყობს შემდგომ ეკონომიკურ ზრდას და განვითარებას“ – განაცხადა დავითაშვილმა. „ევროპის ელექტროენერგიის ბაზრებზე წვდომა დადებითად აისახება ქართულ ბაზარზე, მის ტრანსფორმაციასა და ევროპულთან დაახლოებაზე“, აღნიშნავს ის.
მინისტრის თქმით, „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ხელს შეუწყობს ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციას, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ასევე მწვანე ენერგეტიკის განვითარებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში“.
მინისტერიალის სხდომას ბაქოში ასევე დაესწრნენ ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონი და ბულგარეთის მთავრობის წარმომადგენელი.
წყარო: საინფორმაციო სააგენტო სარკე
