საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა 2021 წლის 12 ნოემბერს, მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებას, რომლის მიხედვითაც უცხოეთის უნივერსიტეტებში ჩარიცხულ პირებს სტუდენტის სტატუსი ექნებათ.
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციით, სტუდენტად არ ითვლება პირი, რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, აღიარებულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
საკანონმდებლო ცვლილების არსი მდგომარეობს იმაში, რომ დამკვიდრდეს ერთიანი ტერმინოლოგია სტუდენტის განსაზღვრებასთან დაკავშირებით და არ გახდეს საჭირო სპეციალური ჩანაწერების გაკეთება. მაგალითად, მსგავსი სპეციალური ჩანაწერის საჭიროება მიმართულია, სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით, ვინაიდან ტერმინი სტუდენტი არ მოიცავს იმ პირებს, რომლებიც რეალურად სტუდენტებად საზღვრებს გარეთ აღირიცხებიან.
კომიტეტმა კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით, განხილვისათვის მომზადებულად ცნო.
DWV აკვირდება კანონპროექტის განხილვის მიმდინარეობას და მისი ამოქმედებისთანავე გაცნობებთ იურიდიული სიახლის სახით.