16 იანვარს, საქართველოს პარლამენტში, შედგა შეხვედრა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების აღმასრულებელ დირექტორს, ბ-ნ თომას კიმმესვენგერს, ბ-ნ ლადო რიგვავას (გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების მრჩეველი იურიდიულ საკითხებში) და საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს, ბ-ნ გივი მიქანაძეს შორის. შეხვედრას ესწრებოდნენ აგრეთვე, აპარატის უფროსის მოადგილე, ბ-ნი შოთა გოშაძე და წამყვანი სპეციალისტი ბ-ნი ზაზა მეჭიაური.
შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა, ბ-ნი ზაზა მეჭიაურის ინიციატივა, შშმ პირებისთვის ინფრასტრუქტურისა და სამართლებრივი ჩარჩოების გაუმჯობესება საქართველოში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული ინიციატივა, ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, უნდა გამყარდეს და სარგებელი მოუტანოს საზოგადოებას.
საუბარი შეეხო, აგრეთვე, გერმანიის ეკონომიკურ გაერთიანებასა და პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტს შორის შესაძლო თანამშრომლობას, რაც გულისხმობს, შშმ პირებისთვის ისეთი ღონისძიებების გატარებას, რომლებიც დაეხმარებათ მათ არსებული ბარიერებისგან გათავისუფლებაში, მათი ინტერესების დაცვაში და ცხოვრების დამოუკიდებლად წარმართვაში.
ორივე მხარემ გამოთქვა მზაობა, რომ შეინარჩუნონ ერთმანეთთან აქტიური თანამშრომლობა, რათა განახორციელონ ზემოაღნიშნული საერთო ინიციატივა.