საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora, ყველაზე გამორჩეული ღონისძიება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) სფეროში, განაცხადების მიღებას იწყებს. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით, ყოველწლიურად აცნობს საზოგადოებას საქართველოში მოქმედი კომპანიების მიერ CSR-ის სფეროში განხორციელებულ პროექტებს და მათ შორის საუკეთესოებს აჯილდოებს.
კონკურსი, რომელშიც დაარსებიდან 90-მდე კომპანიამ, 200-ზე მეტი CSR პროექტით მიიღო მონაწილეობა, მიზნად ისახავს საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებასა და პოპულარიზაციას; ასევე, კომპანიების წახალისებას, დანერგონ საკუთარ საქმიანობაში CSR პრინციპები და მიდგომები, გახდნენ სამაგალითო სხვებისთვის.
წელს ბიზნეს კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ კონკურსის შემდეგ კატეგორიებში:
- მწვანე ინიციატივა
- პასუხისმგებელი დამსაქმებელი
- კეთილსინდისიერი საქმიანობა ბაზარზე
- საზოგადოების მხარდაჭერა
- სექტორთა პარტნიორობა – გაზიარებული პასუხისმგებლობა
- წლის CSR-მენეჯერი
- გამჭვირვალობა და ანგარიშგება კორპორაციული პასუხისმგებლობის და მდგრადობის საკითხებზე (მოცემული კატეგორია ცხადდება საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოსთან (BARTA) თანამშრომლობით)
კონკურსის ფარგლებში „გრანპრი“ გადაეცემა:
- წლის პასუხისმგებელ მსხვილ კომპანიას
- წლის პასუხისმგებელ მცირე/საშუალო კომპანიას
წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს ნომინანტებს, გამოავლენს გამარჯვებულს საქმიანობის სათანადოდ დაგეგმვის, თანმიმდევრულობის, ეფექტურობისა და შედეგების მდგრადობის მიხედვით.
კონკურსში განაცხადების წარდგენა შესაძლებელი იქნება 2023 წლის 10 თებერვლის ჩათვლით. დაჯილდოების ღონისძიება 2023 წლის ზაფხულში გაიმართება.
დეტალური ინფორმაციისათვის კონკურსის შესახებ ეწვიეთ ვებგვერდს: www.meliora.ge