“საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს ფქვილის, ხორბლის მარაგიც არსებობს ქვეყანაში”, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. ამასთან, „სულ რაღაც ერთ თვეში, თვე-ნახევარში, ჩვენც ხორბლის მოსავალს ავიღებთ“, აღნიშნა მან.
შესაბამისად, პრემიერის შეფასებით, აჟიოტაჟი ამ საკითხთან დაკავშირებით იყო ხელოვნურად გამოწვეული.
ასევე, საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის თქმით, ქვეყანას ფქვილის 2-თვიანი მარაგი აქვს. “მარაგის ამოწურვის შემდეგ ახალ მოსავალს ველოდებით”, აცხადებს ის. “ამბობენ, რომ საქართველოში ხორბლის მოსავალმა 30%-ით მოიმატა წინა წელთან შედარებით”, აღნიშნავს ის.
დოლიძე ასევე აცხადებს, რომ „მარაგი, ალბათ, შეივსება საქართველოს მიერ ნაწარმოები ხორბლიდან, აგრეთვე, ფქვილით, რომელიც დღესაც რუსეთიდან შემოდის“.
მიუხედავად იმისა, რომ წისქვილკომბინატები ჩერდება (ვინაიდან ხორბალი არ შემოდის), პურის საწარმოებში არის გარკვეული ნაშთი, და „პური ცხვება და გამოცხვება“, ირწმუნება დოლიძე.
რაც შეეხება ფასებს, ნამდვილად შეიცვალა პურის ფასი, მაგრამ 10 თეთრით. “ახლა ფქვილი მომატებული ფასებით შემოდის, თუმცა თვის ბოლომდე ფასის მომატებას არ ველოდებით“, აცხადებს ის.