2022 წლის 1 იანვრიდან ცვლილება შევიდა საქართველოს კანონში ,,დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ’’, რომლის მიხედვითაც იურიდიული პირების საბანკო დეპოზიტები დეპოზიტების დაზღვევის სახელმწიფო სააგენტოს მიერ იქნება დაზღვეული. ცვლილების შედეგად, 15,000 ლარის მოცულობით იურიდიული პირების დეპოზიტები სახელმწიფო სააგენტოს მიერ იქნება გარანტირებული.
საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით აქამდე დაზღვეული იყო მხოლოდ რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირების ყველა ტიპის დეპოზიტები. ვინაიდან საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკი დეპოზიტების დაზღვევის სისტემის წევრია, დაზღვევა ეხება საქართველოში მოქმედ ნებისმიერ ბანკში არსებულ დეპოზიტებს. დაზღვევის ლიმიტი ამ დროისთვის 15 000 ლარია ნებისმიერ ვალუტაში დაზღვეული დეპოზიტისთვის. დაზღვევას არ ექვემდებარება მხოლოდ ის დეპოზიტები, რომელზე წვდომის უფლებაც დეპოზიტორს შეზღუდული აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში (მათ შორის ყადაღა, სესხის უზრუნველყოფის საგარანტიო თანხები და სხვა).
დეპოზიტების დაზღვევის ყოველთვიურ საფასურს (პრემიას) კომერციული ბანკები დეპოზიტების დაზღვევის სახელმწიფო სააგენტოს უხდიან. ლარის ანგარიშისთვის ყოველთვიური პრემია დეპოზიტის – 0.067%, ხოლო უცხოური ვალუტის ანგარიშისთვის კი პრემია 0.1%-ის ტოლია.
იმ შემთხვევაში, თუკი დეპოზიტორს რამდენიმე ანგარიში აქვს (მათ შორის ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში), მისი ანგარიშები ჯამდება და ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმალური ოდენობა 15 000 ლარი იქნება.
შეგახსენებთ, რომ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნებისმიერი კომერციული ბანკის მიმართ ლიკვიდაციის, გადახდისუუნარობის ან გაკოტრების პროცესის დაწყების შემთხვევაში, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო 20 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოფს დეპოზიტორების კუთვნილი თანხების ანაზღაურებას დადგენილი ზღვრის ფარგლებში.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე.