საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 2024 წელს დასრულდება აწარმოე საქართველოში სააგენტოს ინვესტიციების მოზიდვის ახალი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც განსაზღვრავს პრიორიტეტებს და აქტივობებს მომდევნო 5 წლის განმავლობაში. გააქტიურდება და გაფართოვდება პროგრამა, რომელიც გულისხმობს საზღვარგარეთ წარმომადგენლობითი კომპანიების ჩართულობას საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.
ასევე, გაგრძელდება აქტივობები, რომელიც გულისხმობს ქვეყანაში საინვესტიციო კონსულტანტების მასპინძლობას, ნათქვამია სამთავრობო პროგრამაში „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ (წარდგენილია პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობასთან ერთად).
გარდა ამისა, პროგრამის თანახმად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, იგეგმება პარტნიორ ქვეყნებთან (კანადა, უნგრეთი, სამხრეთ კორეა) ინვესტიციების ორმხრივი დაცვისა და წახალისების შესახებ შეთანხმებებზე მოლაპარაკებების დასრულება და შესაბამისი შეთანხმებების გაფორმება.
ასევე, დაგეგმილია „საქართველოში ინვესტიციების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ კანონის შემუშავება.
მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, აწარმოე საქართველოში სააგენტოს საკრედიტო-საგარანტიო სქემით 2024 წლის განმავლობაში 250 პროექტი ისარგებლებს, იუწყება მთავრობა. ამ პროექტების ფარგლებში დაგეგმილია 200 მილიონ ლარამდე ინვესტიციის განხორციელება.
ხოლო სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში 2024 წელს დაგეგმილია 400-ზე მეტი ახალი პროექტის მხარდაჭერა, რის შედეგადაც მოხდება 500 მილიონ ლარამდე სესხის და 700 მილიონ ლარამდე ინვესტიციის მობილიზება, იუწყება მთავარობა.
გარდა ამისა, 2024 წელს დაგეგმილია ახალი პროგრამის ამოქმედება, რომელიც მიკროსესხების მხარდაჭერას ეხება. აღნიშნული ინიციატივა გულისხმობს მიკრობიზნესებისთვის 50,000 ლარამდე სესხების ხელშეწყობას. დაგეგმილია 500-მდე მეწარმის მხარდაჭერა.
წყარო: საინფორმაციო სააგენტო “სარკე”