აწარმოე საქართველოში სააგენტოს დირექტორის მიხეილ ხიდურელის თქმით, ამ ეტაპზე უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმით (FDI გრანტი) 10-მდე საერთაშორისო კომპანია არის დაინტერესებული. ამ კომპანიებთან მოლაპარაკებებს ჩვენი ინვესტიციების გუნდი აწარმოებს.
სააგენტოს ინფორმაციით, დაინტერესება მოდის ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის, ელექტრონაწილების წარმოების და ლოგისტიკის მიმართულებებით.
ცნობისთვის, ხელშეწყობის მექანიზმი (FDI გრანტი), საინვესტიციო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, უცხოური კაპიტალით შექმნილ კომპანიებს სთავაზობს გრანტს გაწეული ხარჯების ნაწილის ასანაზღაურებლად (უშუალოდ ინვესტიციების განხორციელების შემდეგ).
პროგრამაში ჩართვის სურვილის შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტი განაცხადის ფორმით მიმართავს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, რომელსაც ურთავს შესაბამისი საინვესტიციო პროექტის ბიზნესგეგმას. პროგრამაში მონაწილე საერთაშორისო კომპანია ვალდებული იქნება არანაკლებ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს და მინიმუმ 150 სამუშაო ადგილი შექმნას. ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის კი, განსახორციელებელი ინვესტიციის მინიმალური მოცულობა 5 მილიონ ლარს უნდა შეადგენდეს, ხოლო შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა არანაკლებ 200-ით განისაზღვრა. პროექტის განხორციელების მაქსიმალური ვადა 39 თვეს შეადგენს.
უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში (FDI გრანტი), პრიორიტეტულ ეკონომიკიურ სექტორებად განისაზღვრა:
- ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის პროდუქციის წარმოება; სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების წარმოება;
- მანქანების და მოწყობილობების (მანქანადანადგარები) ასევე მათი ნაწილების წარმოება;
- ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნეს სერვისების/პროცესების აუთსორსინგი (BPO), რომელიც გულისხმობს საქართველოდან სხვა უცხოურ ბაზარზე მომსახურების მიწოდებას/აუთსორსინგს;
- დასაწყობება და ლოგისტიკური ცენტრების შექმნა, საჰაერო ხომალდების რემონტი და ტექნიკური მომსახურება (MRO).
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს შესახებ ინფორმაციას გერმანულ ენაზე გაეცნონ ამ ბმულზე.
