საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციამ (GLA) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ-) ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას საქართველოს ლოგისტიკის სექტორში დუალური პროფესიული განათლების (dTVET) განვითარების შესახებ. GLA-ს და GIZ-ს თანამშროლმლობის ძირითადი მიზანია ლოგისტიკაში dTVET პროგრამების კოორდინაცია და მათ დანერგვაში ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში GLA ყოველწლიურად განახორციელებს ლოგისტიკაში dTVET საჭიროებების კვლევას და ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების დაწესებულებებს ეფექტიანი განათლების პროცესისა და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დანერგვაში. GLA-ს და GIZ-ს დაგეგმილი აქვთ ჩამოაყალიბონ ლოგისტიკაში საჯარო-კერძო დიალოგი dTVET-ის საკითხებზე, რომელიც გააერთიანებს ლოგისტიკასა და მიწოდების ჯაჭვის სფეროში მოქმედ კომპანიებს, პროფესიული განათლების ორგანიზაციებს და შესაბამის სამთავრობო უწყებებს.
GLA აქტიურად დაეხმარება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს და მათ პარტნიორ კომპანიებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ლოგისტიკის დუალური პროფესიული განათლების პროგრამებში, ადამიანური რესურსის განვითარებასა და საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვაში როგორც საგანმანათლებლო პროგრამების მართვაში, ისე პროფესიულ სწავლებაში.
GLA-ს და GIZ-ს ერთობლივი პროექტი აქტიურად შეუწყობს ხელს ლოგისტიკის სექტორის შესაძლებლობების განვითარებაში და ადამიანურ კაპიტალის განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევაში.