გერმანიის მთავრობა საქართველოს 55 მილიონ ევროს გამოუყოფს ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროექტის მეხუთე ფაზისათვის.
ამ თანხიდან 53 მილიონი ევრო სესხია, ხოლო 2 მილიონი ევრო – გრანტი ბათუმის წყალის (მუნიციპალური წყალმომარაგების კომპანია) ხელშეწყობის მიზნით.
დაფინანსების შეთანხმებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის ხელი მიმდინარე 7 დეკემბერს მოეწერება, იუწყება საქართველოში გერმანიის საელჩო.
შეთანხმების შედეგად უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბათუმის მზარდი მოსახლეობის სასმელი წყლით გაუმჯობესებული მომარაგება.
KfW-ის მეშვეობით ბათუმის წყლის ინფრასტრუქტურისთვის დღემდე დაახლოებით 138 მილიონი ევროა გამოყოფილი.
შედეგად 200,000-ზე მეტ ადამიანს, რომლებსაც ადრე დღეში მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში ჰქონდათ წვდომა სასმელ წყალზე, ახლა წყალი უწყვეტად მიეწოდება, აღნიშნავს საელჩო.