ა. წ. 7-11 ნოემბერს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის სამინისტროს ინიცირებით, გერმანიის ეკონომიკურმა გაერთიანებამ (DWV), Commit Project Partners GmbH-თან ერთად, უმასპინძლა ბიზნეს დელეგაციას გერმანიიდან. კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ, ეს გახლდათ საქართველოში პირველი დელეგაცია გერმანული კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის.
საქართველოს ეწვივნენ მრეწველობის ისეთი დარგების გერმანული კომპანიები, როგორებიცაა ინფრასტრუქტურა და ტურიზმი. აღსანიშნავია, რომ ბიზნესის სწორედ ამ სფეროებში გერმანიასა და საქართველოს შორის სავაჭრო და ბიზნეს ურთიერთობები ძალიან აქტიურად ვითარდება. ამავდროულად, ეს სექტორები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებაში, რასაც გერმანია პოლიტიკურად და ეკონომიკურად უწყობს ხელს.
დელეგაციის ფარგლებში გაიმართა მთელი რიგი ღონისძიებები და შეხვედრები, როგორც ადგილობრივი კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ისე სახელმწიფო სტრუქტურებთან. დელეგატებს საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ სხვადასხვა სამშენებლო პროექტი, მათ შორის გზების და მაგისტრალების სამშენებლო სამუშაოები.
დელეგაციას შეხვედრა ჰქონდა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან, საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და მუნიციპალური განვითარების ფონდთან.
დელეგაციის პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა შეხვედრები ქართულ კომპანიებთან B2B ფორმატში. აღნიშნული შეხვედრების დროს გერმანულ და ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცათ, უშუალოდ ესაუბრათ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.