ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგი რეგულარულად, ყოველ წელს შედგება, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ამის შესახებ მხარეები საქართველოში ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარის კადრი სიმსონის ვიზიტის ფარგლებში შეთანხმდნენ.
მიმდინარე კვირას დიალოგი საქართველოში გაიმართა, ხოლო შემდეგი შეხვედრა ბრიუსელში ჩატარდება, იუწყება სამინისტრო. საქართველოში გამართული შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა რეფორმები, ინვესტიციები, ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტები, განახლებად ენერგიასთან დაკავშირებით საქართველოს პოტენციალის სრულად გამოკვლევის შესაძლებლობა და სხვა საკითხები განიხილეს.
როგორც ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, აღნიშნავს, ძალიან ბევრი მიმართულებით ქართული კანონმდებლობა უკვე შესაბამისობაშია ევროპულ მოთხოვნებთან და სტანდარტებთან. მათ შორის, შემოვიღეთ ენერგოეფექტურობის ეტიკეტირების ახალი სისტემა, რომელიც უკვე ნელ-ნელა ინერგება, აღნიშნავს ის და დასძენს: ამჟამად ვმუშაობთ ბაზრის ლიბერალიზაციის მიმართულებით, ინსტიტუციური მოწყობის კუთხით.
თავის მხრივ, სიმსონი აღნიშნავს, რომ „ჰარმონიზაცია აუცილებელია არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, არამედ ეს წესები აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველო გახდეს უფრო ენერგოუსაფრთხო, და ქვეყანამ მეტი ინვესტიცია მოიზიდოს“. „ჩვენ მოხარული ვართ, რომ არსებობს ერთიანი ხედვა, და კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ, რომ ევროკავშირი საქართველოს მხარს დაუჭერს არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ ფინანსური კუთხითაც“, – განაცხადა ევროკომისარმა.