Startseite » news_ge » თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“

თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“

by Salome Mumladze

26-27 ოქტომბერს თბილისში გაიმართა აბრეშუმის გზის რიგით მეოთხე ფორუმი, რომელსაც 60-ზე მეტი ქვეყნის 2,000-მდე დელეგატი დაესწრო.

ფორუმის შედეგებს შორისაა: ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს რკინიგზების მიერ ერთობლივი საწარმოს დაფუძნება; საქართველოსა და საუდის არაბეთის ბიზნესსაბჭოს შექმნა; მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების შესახებ მემორანდუმი საქართველოსა და კატარს შორის; საქართველოსა და ყაზახეთის მიერ დამატებების შეტანა შეთანხმებაში, რომელიც 2022-2027 წლებში შუა დერეფნის განვითარების საგზაო რუკას შეეხება.

გარდა ამისა, გაცხადდა, რომ თბილისში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აკადემიის გახსნა იგეგმება; საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ტაჯიკეთის ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი უახლოეს მომავალში გაფორმდება. ფორუმზე სერბეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებაც განიხილეს.

ხოლო სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, მშვიდობის გზაჯვარედინის პროექტი წარადგინა, რომელიც სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანსა და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის კომუნიკაციას, საგზაო, სანავთობო ინფრასტრუქტურის მშენებლობას და ელექტროგადამცემი სისტემების მოდერნიზებას უზრუნველყოფს.

You may also like

X