თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტის განხორციელება 2024 წლიდან დაიწყება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას.
დაწყებულია პირველი ტექნიკური კვლევა, რომელსაც „მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, საავიაციო-საკონსულტაციო კომპანია“ ატარებს, აღნიშნა მინისტრმა.
დავითაშვილის ინფორმაციითვე, 3.5 კმ. სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი აშენდება ქუთაისის აეროპორტში. პროექტზე მუშაობის დასრულება განსაზღვრულია მიმდინარე წლის დეკემბერში, რის შემდეგაც დაიწყება სამშენებლო სამუშაოები, აღნიშნა მან.
გარდა ამისა, ახალი სამგზავრო ტერმინალი აშენდება თელავის აეროპორტში, რომელიც პირველ მგზავრებს, სავარაუდოდ, 2024 წელს უმასპინძლებს, განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ აეროპორტის განვითარებისთვის საჭირო ინვესტიცია, პირველადი შეფასებით, 25 მილიონ ლარს შეადგენს.