სხდომაზე განიხილოებოდა ისეთი საკითხები, როგოებიცაა საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდა, კერძო სექტორის კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობის პერსპექტივები, გადახდისუუნარობის ახალი კანონპროექტი, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება და კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები.
“მიგვაჩნია, რომ ინვესტორთა საბჭო მნიშვნელოვანი პლატფორმაა მთავრობასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობისთვის. როგორც მოგეხსენებათ, სწრაფი ეკონომიკური ზრდა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია და, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, გავაღრმაოთ თანამშრომლობა კერძო სექტორთან ინვესტორთა საბჭოს პლატფორმის ფარგლებში,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საბჭოს სხდომაზე.
რიგით მე-11 სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა საბჭოს ახალი წევრები წარადგინა – გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება და ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია და ასევე ინვესტორთა საბჭოს ახალი მდივანი გიორგი ჩერქეზიშვილი.
საუბარი ასევე შეეხო სხვადასხვა საკითხს საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესების მიმართულებით, მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს, რაზეც, საბჭოს ერთიანი პოზიციის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ კერძო სექტორთან კონსულტაციებისა და დეტალური განხილვის შემდგომ იქნება მიღებული.