9 აგვისტოს სასტუმრო „რედისონში“ სადაზღვევო კომპანია არდიმ მულტინაციონალურ საინვესტიციო ფონდ „Gazelle Finance”-თან საინვესტიციო ხელშეკრულება გააფორმა, რომლის შედეგად “Gazelle Finance” არდის სტრატეგიული აქციონერი გახდა. საინვესტიციო პაკეტის მოცულობა 2 მილიონ აშშ დოლარამდეა, რაც, თავის მხრივ, კომპანიის კიდევ უფრო მეტ განვითარებას, გაუმჯობესებულ მომსახურებას და მოწინავე ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას გულისხმობს.
ხელმოწერის ცერემონიალის პარალელურად, არდიმ პრესას და საზოგადოებას სამეთვალყურეო საბჭოს ახალი, დამოუკიდებელი წევრი – ბატონი ვოლფგანგ ვანდი წარუდგინა. მას აქვს 40-წლიანი გამოცდილება სადაზღვევო, საგადამზღვევო, ჯანდაცვისა და პორტფელის საინვესტიციო მართვის სფეროში.
„როგორც აღნიშნული ამერიკული საინვესტიციო კაპიტალის შემოდინება კომპანიაში, ასევე ახალი, უდიდესი გამოცდილების მქონე დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭოს წევრის შემომატება ჩვენს გუნდში, ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი არდისთვის, რის შედეგადაც კომპანია განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე გადადის, რაც მალე აისახება ჩვენი დაზღვეულებისთვის კიდევ უფრო მეტად დახვეწილი მომსახურების შექმნაში. მნიშვნელოვნად შეიცვლება ის ციფრული ეკოსისტემა, რომელსაც დღეს არდი იყენებს როგორც შიდა პროცესების მართვისთვის, ისე ჩვენი დაზღვეულების სამომხმარებლო პლატფორმებისთვის. ძალიან ვაფასებთ Gazelle Finance-ის უწყვეტ და მზარდ მხარდაჭერას არდის მიმართ, როგორც მრავალი ქვეყნის მასშტაბით აღიარებულ საერთაშორისო ფინანსურ პარტნიორს, რომელიც საუკეთესოდ იცნობს საქართველოს ფინანსური ბაზრის კონიუნქტურებს,“ - განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ, არდის გენერალურმა დირექტორმა.
„ჩემთვის დიდი პატივია, გავუწიო მეგზურობა არდის, როგორც საუკეთესო მზღვეველ კომპანიას ქართულ სადაზღვევო ბაზარზე, მის მოტივირებულ მმართველ გუნდთან ერთად. კომპანია უკვე წინ უსწრებს კონკურენტებს ტექნოლოგიებზე ორიენტირებული აპლიკაციებისა და მომსახურების სტანდარტების მიხედვით. ჩემს კოლეგა დირექტორებთან ერთად ჩვენ უზრუნველვყოფთ ბიზნესის წარმართვას დასავლური კორპორაციული მართვის სტანდარტების შესაბამისად და მოხარული ვარ, რომ მექნება შესაძლებლობა, ჩემი მრავალწლიანი ექსპერტიზა და გამოცდილება გამოვიყენო არდის განვითარების ამ ახალ გზაზე“ – განაცხადა ვოლფგანგ ვანდიმ, არდის სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელმა მოადგილემ.