2024 წელს საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ევროპის კომისიამ საქართველო 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელ ქვეყნად დაასახელა.
აღნიშნული გადაწყვეტილება UNWTO-ს ევროპის კომისიის ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში, გამართულ 68-ე სხდომაზე იქნა მიღებული.
ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იუწყება და აღნიშნავს, რომ საქართველოს დელეგაციის შესაბამის ინიციატივას ევროპის კომისიის 38 წევრმა ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი.
2024 წელს ტურიზმის დღის მთავარი თემა იქნება “მშვიდობა და ტურიზმი”.
„ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ტურიზმის ინდუსტრიის მორიგი, ძალიან დიდი აღიარება – გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ღირსეულად ვუმასპინძლოთ ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო დონის უმაღლესი რანგის წარმომადგენლებს არა მხოლოდ ტურიზმის ინდუსტრიიდან, არამედ სხვა სექტორებიდანაც, ასევე, ვუმასპინძლოთ მედიის წარმომადგენლებს“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე შეფასებით, ეს ყველაფერი დაეხმარება საქართველოს, კიდევ უფრო მეტად გაზარდოს ცნობადობა და გაამყაროს პოზიციონირება საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე, რაც, თავისთავად, გააძლიერებს ჩვენი ტურიზმის, ასევე, ავიაციის ინდუსტრიას და მნიშვნელოვანი შედეგებით აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.