მიმდინარე წლის 13-14 დეკემბერს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში ვაჭრობის საკითხებზე შექმნილი ასოცირების კომიტეტის შეხვედრა გაიმართა. რიგით მეცხრე შეხვედრა ბრიუსელში ჩატარდა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის ტენდენციები, ასევე, DCFTA-ის განხორციელების მხრივ საქართველოს პროგრესი საჯარო შესყიდვების, კონკურენციის, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, მომსახურებით ვაჭრობისა და სხვა სფეროებში, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
როგორც სამინისტრო აღნიშნავს, ევროკომისია მიესალმა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი საქართველოს ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორად რჩება და ქვეყნის საგარეო ვაჭრობის თითქმის მეოთხედი მასზე მოდის.
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვეში, ევროკავშირის ქვეყნებზე საქართველოდან საქონლის ექსპორტმა $610.4 მილიონი შეადგინა (წლიური ზრდა – 37.1%), რაც საქართველოს ექსპორტის 14.9%-ია.
რაც შეეხება ევროკავშირიდან იმპორტს, მოცულობა $2.12 მილიარდამდე (წლიური ზრდა – 30.9%), ანუ საქართველოს მთლიანი იმპორტის 22.3%-ია.