რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის თქმით, მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად ახალი ინვესტორის მოძიების პროცედურებს დაიწყებს. „ეს პროექტი ეკუთვნის სახელმწიფოს და არა რომელიმე კერძო ინვესტორს“, განუცხადა მან ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.
როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, „სწორედ სახელმწიფომ გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა ჯერ კიდევ 2014 წელს და საინვესტიციო ხელშეკრულების მიხედვით, 2020 წლის ბოლოსთვის უნდა გვქონდეს ოპერირებაში პორტი“. „სამწუხაროდ, ეს შედეგი ვერ მივიღეთ და ამის პერსპექტივაც არ ჩანს“, განაცხადა მინისტრმა და დასძინა: „ამით არის განპირობებული კონკრეტულ ინვესტორთან [ანაკლიის განვითარების კონსორციუმი] ხელშეკრულების შეწყვეტა და უფრო სერიოზული, ფინანსურად ძლიერი ინვესტორის მოძიება, რომელიც უზრუნველყოფს იმ შედეგს, რაც ჩვენ ყველას გვჭირდება“.
მინისტრის ინფორმაციით, კონსორციუმისთვის „ნაპატიებია $10 მილიონზე მეტი პირგასამტეხლო“, თუმცა კონსორციუმს „კიდევ აქვს დარიცხული გარკვეული პირგასამტეხლო და შესაბამისად, მისი ანაზღაურების საკითხი, ისევე როგორც სხვა იურიდიული პროცედურები, ბუნებრივია, დაიწყება“. „ეს გულისხმობს იმასაც, რომ კონსორციუმმა სახელმწიფოს უნდა დაუბრუნოს გადაცემული მიწები და სხვა საპროექტო დოკუმენტაცია“, განმარტა მან.
საინფორმაციო სააგენტო სარკე, 9 იანვარი 2020