ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ბანკს მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად $20 მილიონის ოდენობის საკრედიტო რესურსი გამოუყო. თანხის გამოყოფა EU4Business-EBRD ინიციატივის ფარგლებში მოხდა.
სასესხო ხელშეკრულებას ხელი მიმდინარე წლის 15 სექტემბერს EBRD-ის პრეზიდენტის ოდილ რენო-ბასოს საქართველოში ვიზიტის დროს მოეწერა.
EBRD-ის ცნობით, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებს საშუალება ექნებათ მიიღონ დაფინანსება ადგილობრივ ვალუტაში და ისარგებლონ გრანტებით, ასევე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტექნიკური დახმარებით საერთაშორისო კონსულტანტებისგან.
მოსალოდნელია, რომ სასესხო რესურსის მინიმუმ 70% მიმართული იქნება ინვესტიციებზე „მწვანე“ ეკონომიკაზე გადასვლის EBRD-ის მიდგომის შესაბამისად.
2009 წლიდან ევროკავშირი მხარს უჭერს კომპანიებს საქართველოში EU4Business-ის მეშვეობით და ახორციელებს თითქმის 50 პროექტს, რომელთა საერთო ბიუჯეტი 320 მილიონ EUR-ზე მეტია.
EBRD-მა საქართველოს ფინანსურ, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორების 270 პროექტში დაახლოებით 5 მილიარდი EUR-ს ინვესტიცია განახორციელა.