fbpx
Startseite » news_ge » საკანონმდებლო სიახლე: კომერციულ ბანკებს კლიენტების შესახებ მონაცემების სებ-ში წარდგენის ვალდებულება დაეკისრათ

საკანონმდებლო სიახლე: კომერციულ ბანკებს კლიენტების შესახებ მონაცემების სებ-ში წარდგენის ვალდებულება დაეკისრათ

by Salome Mumladze

საზედამხედველო ფუნქციების ეფექტიანი განხორციელებისა და სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ სავალდებულო ანგარიშგების მარტივად წარდგენის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 6 ივლისის # 88/04 ბრძანების საფუძველზე განისაზღვრა ,,ეროვნული ბანკის მიერ საკრედიტო რეესტრის შექმნისა და მისი გამოყენების წესი’’ .

აღნიშნული წესის ამოცანაა, ხელი შეუწყოს საკრედიტო რეესტრის მონაცემთა ბაზის შექმნისა და მისი გამოყენების პროცესს. ის იმ ღონისძიებებს განსაზღვრავს, რომლებიც მონაცემების უსაფრთხო გაზიარებას, მათ დამუშავებას და შენახვას უკავშირდება. წესი ასევე ადგენს პროცესებში ჩართული მხარეების უფლება-მოვალეობებს.

საკრედიტო რეესტრი ის მონაცემთა ბაზაა, რომელიც სესხის გამცემი ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელის შესახებ მონაცემებს მოიცავს. ეროვნულ ბანკს ყოველთვიურად შემდეგი მონაცემები წარედგინება:

  • მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები
  • მომხმარებლის ბოლო განახლებული ფინანსური მონაცემები
  • საკრედიტო ვალდებულების დეტალები
  • საკრედიტო ვალდებულების უზრუნველყოფის მონაცემები
  • ინფორმაცია რეფინანსირებულ სესხებზე
  • ინფორმაცია ინვესტიციების შესახებ
  • ინფორმაცია უარყოფილი საკრედიტო განაცხადების შესახებ
  • ინფორმაცია საანგარიშგებო თვის განმავლობაში დახურული სესხების შესახებ

ამასთან, ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს საკრედიტო რეესტრის მონაცემების დამუშავებას და, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მონაცემების გადაცემას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ პირს, რომელიც არ არის კომერციული ბანკი, უფლება აქვს გახდეს საკრედიტო რეესტრის მონაწილე. აღნიშნულ შემთხვევაში შესაბამის პირზე გავრცელდება ამ წესის მოთხოვნები.

კომერციული ბანკი ვალდებულია ინფორმაცია გადაუგზავნოს ეროვნულ ბანკს ყოველი თვის 20 (ოცი) რიცხვამდე , 2023 წლამდე იანვრამდე , ხოლო შემდგომ  – ყოველი თვის 10 რიცხვამდე.

ცვლილებები ძალაში შედის 2021 წლის 7 ივლისიდან.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე .

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X