მთავრობის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის პროგრამაში შესული ცვლილებით გაჩნდება შესაძლებლობა, დამატებით, კერძო საკუთრებაში გადავიდეს 11,000 ჰა-მდე სახნავ-სათიბი მიწა. ამ მიწის, ჯამური საპრივატიზაციო ღირებულება 100 მილიონ ლარზე მეტია, იუწყება მთავრობა და აღსანიშნავს, რომ ინიციატივა დაახლოებით 2,206 კერძო მოიჯარეს შეეხება.
აღნიშნული ცვლილებები მთავრობის 8 აპრილის გადაწყვეტილებით იქნა მიღებული. კერძოდ, სახელმწიფოს მიერ იჯარით გაცემულ „სახნავი“ კატეგორიის მიწის ნაკვეთებს, რომელთა გამოსყიდვაც შეუძლიათ მეიჯარეებს, დაემატა „სათიბი“ მიწების კატეგორიაც.
ასევე, მოიხსნა შეზღუდვა, რომელიც მოიჯარეებისთვის მხოლოდ 10 ჰა-მდე ფართობის მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის უფლებას ითვალისწინებდა. მოიჯარეები შეძლებენ პირდაპირი გამოსყიდვის წესით, საბაზრო ფასად შეისყიდონ ნებისმიერი ზომის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
გარდა ამისა, შესაძლებელი გახდა მოიჯარემ სახელმწიფოსგან გამოისყიდოს, 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით, იჯარით გაცემული სახნავი და სათიბი მიწის ნაკვეთები. აქამდე ეს უფლება ვრცელდებოდა მხოლოდ 2020 წლის 23 იანვრამდე იჯარით გაცემულ ნაკვეთებზე.
საინფორმაციო სააგენტო სარკე
13.04.2021