პარლამენტმა დღეს პირველი მოსმებით მხარი დაუჭრა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შეახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლითაც მთავრობას შეზღუდვების დაწესება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების (და, შესაბამისად, პარლამენტის დასტურის) გარეშეც შეეძლება. ცვლილებებს მხარი 80 დეპუტატმა დაუჭირა, 3 – წინააღმდეგი გამოვიდა.
როგორც კანონპროექტშია აღნიშნულია, გადაწყვეტილებას ადამიანის იზოლაციის ან/და მის მიმართ შესაბამისი საკარანტინო ღონისძიებების გამოყენების შესახებ იღებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური.
ხოლო იზოლაციის ან/და კარანტინის წესს, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებაში შემავალი დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადმინისტრირების, ასევე საჯარო სერვისების მიწოდების კანონმდებლობისგან განსხვავებულ დროებით წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო, ნათქვამია დოკუმენტში.
კერძოდ, საკარანტინო ღონისძიებები განმარტებულია შემდეგნაირად: „ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში, აგრეთვე ღონისძიებები, რომელიც გულისხმობს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, უკანონო მიგრაციის / საერთაშორისო დაცვის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას და რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად“.
საინფორმაციო სააგენტო სარკე, 22.05.2020