2021-2023 წლებში საქართველო საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან (AFD) 483 მილიონ EUR-ს მიიღებს, იუწყება საქართველოს მთავრობა. საქართველოსა და AFD-ს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი 10 ივნისს თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციაში, მოეწერა. საერთო თანხიდან 33 მილიონ EUR-ზე მეტი საქართველოს მთავრობას გადაეცემა გრანტის სახით.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, AFD-თან თანამშრომლობის ფარგლებში „დავიწყებთ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების და პროგრამების განხორციელებას“. „ეს მიმართულებებია ენერგეტიკა, კერძო სექტორის განვითარება, ჯანდაცვა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ირიგაცია, წყალმომარაგება, რეგიონული განვითარება და სხვა“, აღნიშნა მან.
AFD-ის რეგიონული ოფისი საქართველოში 2017 წელს გაიხსნა, ხოლო სააგენტოს პორტფელი ამჟამად დაახლოებით 480 მილიონ EUR-ს შეადგენს. 2020 წელს, პანდემიაზე რეაგირებისთვის, AFD-მ საქართველოს 190 მილიონი EUR გამოუყო.
საქართველო აძლიერებს თანამშრომლობას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთანაც (EBRD). ამის შესახებ პრემიერმა EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტ ალან პილუსთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში 10 ივნისს გამართული შეხვედრის ფარგლებში განაცხადა. EBRD-ის დახმარებამ დღემდე 4 მილიარდ EUR-მდე შეადგინა 250-ზე მეტ პროექტში, რომელთა უდიდესი წილი კერძო სექტორზე მოდის.
საინფორმაციო სააგენტო სარკე
11.06.2021